ისტორიაში მეთორმეტედ - ნადალი ბარსელონას ჩემპიონია!
Aa
Aa

ისტორიაში მეთორმეტედ - ნადალი ბარსელონას ჩემპიონია!

დასრულდა 2021 წლის ბარსელონას 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი. ფინალში რაფაელ ნადალი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირა. ესპანელმა „მატადორმა“ უმძიმეს ბრძოლაში ბერძენი ჩოგბურთელი 3 სეტში 6:4 6:7 7:5 დაამარცხა და ისტორიაში მეთორმეტედ მოიგო „ბარსელონას“ ტურნირი. შეხვედრა 3 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.

მატჩი სტეფანოსმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და რაფაელის დაბრეიკებაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნადალს საკმაოდ უჭირდა და ციციპასი მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა 20 შლემის მფლობელმა მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა და პირველი სეტი 2:4-დან 6:4 შემოატრიალა.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა. ციციპასმა მალევე შეძლო ბრეიკის შესრულება და წინაც გავიდა, მაგრამ ნადალმა უკუბრეიკი შეასრულა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:4 იყო ნადალს მეტოქის ჩაწოდებაზე 2 საჩემპიონო ქულა ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ყველაფერი ტაი ბრეიკზე გაირკვა. ციციპასმა რაფა 8:6 დაამარცხა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტი საოცარი იყო. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე უნაკლოდ თამაშობდნენ, თუმცა მეთერთმეტე გეიმში ნადალმა შეძლო მეტოქის დაბრეიკება და მატჩზე ჩააწოდა. საბოლოოდ ესპანელმა „მატადორმა“ 7:5 დააფიქსირა და შეხვედრა მოიგო.

გეტყვით, რომ ციციპასმა ბარსელონას ტურნირამდე მონტე-კარლოს მასტერსი მოიგო და ესპანეთში ფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტი არ წააგო. კატალონიაში კი ბერძენმა ფინალამდე ისეთ ჩოგბურთელებს მოუგო როგორებიც ხაუმე მუნარი(6:0 6:2), და მინაური(7:5 6:3), ოჟე-ალიასიმი(6:3 6:3) და იანიკ სინერი(6:3 6:3) არიან.

რაც შეეხება რაფაელს, ესპანელმა ფინალამდე ივაშკა (3:6 6:2 6:4), ნიშიკორი (6:0 2:6 6:2), კამერუნ ნორი (6:1 6:4) და კარენო ბუსტა (6:3 6:2) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს დღეს ისტორიაში მეათედ შეხვდნენ. რაფაელმა ბერძენი მერვედ დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნადალმა ATP რეიტინგში 9810 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ პოზიციას ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს 11963 ქულით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები