სუპერლიგის ახალი წევრი -
Aa
Aa

სუპერლიგის ახალი წევრი - "მეგამ" ფინალში "კავკასია" დაამარცხა

საკალათბურთო კლუბი “მეგა” “ა” ლიგის ჩემპიონია. გუგა პატარაიასა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო “კავკასიას” და “ა” ლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მეგამ რანგით მაღლა მდგომ ლიგაში აინაცვლა და მომავალ, 2021-2022 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს. რაც შეეხება ფინალში დამარცხებულ “კავკასიას”, ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსი მაინც დარჩა, თუმცა მიზნის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ამისთვის კავკასიელებმა “ბათუმი” უნდა დაამარცხონ, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა. “კავკასიასა” და “ბათუმს” შორის საკვალიფიკაციო სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. 

მეგამ ისე დაასრულა სეზონი, მთლიანობაში მხოლოდ 2 მატჩი წააგო. ერთი რეგულარულ ჩემპიონატში კავკასიასთან და ერთიც ნახევარფინალურ სერიაში – “ორბთან”. ყველაზე საპასუხისმგებლო, ფინალური სერია მეგას მოთამაშეებმა ერთი ამოსუნთქვით, ერთ მუშტად შეკრულებმა ჩაატარეს და მშრალი ანგარიშით – 3:0 დამსახურებულად გაიმარჯვეს. სერიის ბოლო, სუპერლიგის საგზურის მომტანი მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მეგას მესამე პერიოდში 2 ტექნიკურის გამო მოედნიდან ერთ-ერთი ლიდერი, ჯერმეინ მნეროუ გაუძევეს, ხოლო ამ მატჩის ბომბარდირმა, ირაკლი მიქელაძემ ბოლო წუთებზე მე-5 პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვა. ყველაფრის მიუხედავად, პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა გამარჯვებამდე მისვლა, რაც მოთამაშეების ბოლომდე ბრძოლისა და მოწადინების შედეგია.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 96:86 (სტატისტიკა), რაშიც ლომის წილი ირაკლი მიქელაძეს მიუძღვის. მეგას გამთამაშებელმა 27 ქულა მიითვალა, ხოლო მისმა მეწყვილე ასტონ ფრენსისმა თავი 23 ქულას, 6 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. 14 ქულა ჰქონდა ჯერმეინ მეროუს, ხოლო ტრევონდ ბარნსმა 7 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. კავკასიაში 27 ქულით საუკეთესო იყო ელიოტ კოული, ტატო ზუზაძის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეგას მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს საჩემპიონო მედალიონები და სუპერლიგის სპეციალური სალიცენზიო დაფა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები