„რთული მატჩი გველოდება, პსჟ შესანიშნავი გუნდია
Aa
Aa

„რთული მატჩი გველოდება, პსჟ შესანიშნავი გუნდია" - გუარდიოლა ნახევარფინალის წინ

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ „პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა საპასუხო შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მის გუნდს რთული დაპირისპირება ელის.

„ემოციების გამო პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და შესაძლოა, ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართოს, ვიდრე ვარაუდობ. 90 წუთს ისე ვერ ჩავატარებთ, როგორც პირველი თამაშის მეორე ტაიმი ჩავატარეთ. ეს არ მოხდება. წინ რთული მატჩი გველოდება და აუცილებლად დავიტანჯებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო რეაქცია გვექნება.

ჩემპიონთა ლიგა იმისგან, რასაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ვაკეთებდით, განსხვავებული არაა და ჩვენგან რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვს. პრემიერ ლიგა იგივე დონეა, რაზეც პსჟ იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზეც ყოველთვის რთული მატჩების ჩატარება გიწევს. უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. რთულ მომენტებში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ბურთს დავეუფლოთ, მატჩისას ინერცია დავიბრუნოთ და ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ.

პარი სენ-ჟერმენი შესანიშნავი გუნდია და ეს ყველას მშვენივრად მოეხსენება. მათ გასამარჯვებლად შეუძლიათ, შექმნან ის, რასაც არავინ ელოდება. რა თქმა უნდა, პსჟ-ის ფეხბურთელთა დონე გასათვალისწინებელია, მაგრამ მოედანზე ყველაფერი კონკრეტულ მომენტში იქმნება. ვიცით, რომ პარიზელთა თავკაცი ჭკვიანია და შეუძლია გააკეთოს ის, რასაც არ ველოდებით".

შეგახსენებთ, რომ „სიტისა" და „პარი სენ-ჟერმენის" დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები