Aa
Aa

გამორიცხულია ამ ზაფხულს იუვე დატოვოს - რაბიო რონალდუს ილონ მასკს ადარებს

ესპანურ პრესაში კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ გზების გაყრის შესახებ საუბარი აქტიურად მიდის. Marca-სა და AS-ის მიხედვით, პორტუგალიელს „ბიანკონერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ კრიშტიანუ ტურინიდან ამ ზაფხულს წავიდოდა, თუმცა იტალიური Sport Mediaset განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, რონალდუ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში კონტრაქტის ამოწურვამდე, 2022 წლამდე დარჩება და შემდეგ „სპორტინგს“ მიაშურებს.

Sport Mediaset დასძენს, რომ კრიშტიანუ „იუვესთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა გამორიცხულია, „ბიანკონერი“ ვადაზე ადრე დატოვოს. ეს გადაწყვეტილება მან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და მთავარი როლი სპონსორების საკითხმა ითამაშა.

რონალდუს წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კრიშტიანუს თანაგუნდელებს მისი სჯერათ და პორტუგალიელის მისამართით დადებით სიტყვებს არ იშურებენ. ახლახან რონალდუზე ადრიენ რაბიომ ისაუბრა და იგი ილონ მასკს შეადარა.

„კრიშტიანუს წარმატების საიდუმლო მუშაობა, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა გახლავთ. ეს ეხება როგორც ფეხბურთს, ისე ყველა სხვა სფეროს. რონალდუ კომპანია Tesla-ს მფლობელს, ილონ მასკს ჰგავს. ორივე მათგანი დაუღალავად შრომობს და ისინი არასდროს ჩერდებიან.

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუსთან ვმუშაობ, ვხედავ, რომ ის საკუთარი თავისადმი უდიდეს სიმკაცრეს იჩენს. მას ბუნებრივი ნიჭი აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა. რონალდუ საკუთარ ორგანიზმს ჭკვიანურად ექცევა. 36 წლის ასაკში მან ზუსტად იცის დატვირთვები როგორ გადაანაწილოს და ეს ისაა, რისი სწავლაც შეუძლებელია. ყოველდღე ვგრძნობ, მისგან მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე კონცენტრირების სურვილი როგორ მოდის.

ასაკისა და დაღლილობის მიუხედავად, რონალდუ მონაწილეობას თითქმის ყველა შეხვედრაში იღებს. იგი მიზნის მისაღწევად ყველა ღონეს ხმარობს და მისი მიზანდასახულობა მისაბაძი მაგალითი გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში სერია A-ს ეგიდით მან 30 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 27 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები