ჩელსი VS რეალი - მატჩის წინ
Aa
Aa

ჩელსი VS რეალი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. Crystalsport მატჩის წინ გთავაზობთ გუნდების მდგომარეობებს, დანაკლისებს, მწვრთნელების პრესკონფერენციებს და სხვა საინტერესო დეტალებს.

„ჩელსი“

„არისტოკრატები“ ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „ფულემს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ეს გამარჯვება ტუხელისთვის სარეკორდო აღმოჩნდა.

გერმანელი სპეციალისტი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც პირველ 15 შეხვედრაში 11-ჯერ შეინახა მშრალად კარი. სატურნირო მდგომარეობა კი ლონდონელებს ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი აქვთ. „ლურჯები“ 34 ტურის შემდეგ 61 ქულით მე-4 ადგილზე არიან და უშუალო კონკურენტ „ვესტ ჰემს“ 3 ქულით უსწრებენ.

დანაკლისი

ამ მხრივ „არისტოკრატებს“ განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ. ოფიციალურად ცნობილი არის, რომ ტრავმის გამო გუნდს მატეო კოვაჩიჩი ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რუდიგერის თამაშიც, თუმცა გერმანელ უკანახაზელზე რაიმე ოფიციალური ინფორმაცია, რომ ვერ ითამაშებს არ არსებობს.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

„მთავარი გამოწვევა მთელი მატჩის განმავლობაში ინტენსივობის შენარჩუნებაა. ეს ნახევარფინალია და ზეწოლა საკმაოდ დიდია. საჭიროა ერთმანეთის გვჯეროდეს და გვწამდეს. სხვანაირად მოგება შეუძლებელია.

არ ვარ დარწმუნებული, რომ მადრიდელები ისევ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებენ. ვფიქრობ ზიდანი 4-3-3-ს აირჩევს. მჯერა, რომ რასაც „რეალი“ თამაშობს ფორმაციიდან გამოწვეული არ არის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ. საკმარისად მამაცები ვართ? ჩვენ საკმარისად გაბედულები ვართ!

მთავარი გაკვეთილი ის იქნება, რომ ერთმანეთს ვენდოთ. ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ. ითამაშებს თუ არა რამოსი? რთული შეკითხვაა, არ ვიცი.. ექნება თუ არა მნიშვნელობა სერხიოს თამაშს? რა თქმა უნდა. ის გუნდის კაპიტანი და ძალიან გამოცდილი მცველია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მის წინააღმდეგ სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ.

კანტე არის ადამიანი, რომელიც ტიტულის მოგებისთვის აუცილებლად უნდა გყავდეს. ნგოლო აქ სწორედ ამისთვის არის. ის განუმეორებელი და უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. კანტე ჩვენთან ყოფნით ძალიან ბედნიერია.“

„რეალი“

„სამეფო კლუბი“ ორ ფრონტზე იბრძვის. ზიდანის გუნდს ლა ლიგაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს. უკანასკნელ ტურში „ბლანკოსმა“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ „თეთრებს“ 74 ქულა აქვთ და თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩებიან. ლა ლიგისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

დანაკლისი

ტრავმები და კორონავირუსი „რეალს“ ერთდროულად უტევდნენ, თუმცა „ბლანკოსის“ ბანაკში სასიხარულო ინფორმაციაა. გუნდს სერხიო რამოსი, ფერლან მენდი და ფედე ვალვერდე დაუბრუნდნენ. სამწუხაროდ, ტრავმები აქვთ რაფაელ ვარანს, ლუკას ვასკესს და დანი კარვახალს.

რა თქვა ზიდანმა მატჩის წინ?

„კარგი შეგრძნება მაქვს. აქ ყოფნით მოხარული ვართ და კარგად ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა. კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება რამოსს, არ გეტყვით ითამაშებს თუ არა. რადგან სერხიო ჩვენთან არის, ესეიგი კარგად გრძნობს თავს. მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით ლიდერი და კაპიტანი გუნდთან ერთად იყოს. დაუღალავმა შრომამ აქამდე მოგვიყვანა.

მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ. წინ 90 წუთია, ან ცოტა მეტი. ყველაფრისთვის კარგად მოვემზადეთ. ფიზიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ და თავი არ დავზოგოთ.

პირველ მატჩში თავს არ ვზოგავდით და გამონაკლისი არც მეორე იქნება. მე მხოლოდ იმაზე ვღელავ რა უნდა ვქნათ ბურთთან ერთად. გუნდი 100%-ით მზად არის."

შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "რეალის" დაპირისპირება 5 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები