Aa
Aa

მისი შეკავება გახდა საჭირო - ინციდენტი გოგასა და ინდიანას თავკაცის ასისტენტს შორის

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა. 21 წლის ცენტრს 20 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და გამთენიისას, „საკრამენტო კინგსთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გოგას დაბრუნებას უსიამოვნო ინციდენტი ახლდა თან. მესამე მეოთხედში „ინდიანას“ მთავარი მწვრთნელის, ნეით ბიორკგრენის ასისტენტი გრეგ ფოსტერი ბითაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და „პეისერსის“ კალათბურთელებს ფოსტერი რომ არ შეეკავებინათ, არავინ იცის რა მოხდებოდა.

IndyStar-ის ჟურნალისტმა, ჯეი მაიკლმა მატჩის შემდეგ, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი დაასახელა. ერთ-ერთ მომენტში ბითაძემ მო ჰარკლესს სამწამიანში თავისუფლად შესვლისა და ჩატენვის საშუალება მისცა, რის გამოც სათადარიგოთა სკამიდან გააკრიტიკეს. მომდევნო შეტევაში ქართველმა 3-ქულიანი ჩააგდო და საკუთარ ნახევარზე დაბრუნებისას ფოსტერს უხეშად უთხრა, დამჯდარიყო (Sit the f**k down), რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა.

ნეით ბიორკგრენმა ჟურნალისტებთან საუბრისას მატჩისას განვითარებული მოვლენები იმედგამაცრუებელ პერიოდს დააბრალა, რომელშიც მისი გუნდი იმყოფება და ეს გასაკვირი არცაა. „ინდიანამ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგო და „საკრამენტოსთან“ 93:104 დამარცხდა.

გოგას რაც შეეხება, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი და 37 წამი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3-ჯერ დაჯარიმდა.

ცნობისთვის, „საკრამენტოსთან“ მარცხის შემდეგ, „ინდიანას“ 30 მოგება და 35 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსის“ მთავარი ამოცანა პლეიოფის საგზურის მოპოვებაა და გოგა და კომპანია მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები