Aa
Aa

8 თვის ბავშვის გადასარჩენად - რონალდუს სამკლაურის შემდეგ აუქციონზე მისი ხელმოწერილი მაისური გაიყიდება

მარტის სანაკრებო პაუზისას, პორტუგალიასა და სერბეთს შორის გამართული მატჩის ბოლო წუთებზე კრიშტიანუ რონალდუმ კაპიტნის სამკლაური პროტესტის ნიშნად მოიხსნა და მინდორზე დააგდო. შეხვედრის შემდეგ რონალდუს სამკლაური ერთ-ერთმა მეხანძრემ აიღო და საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა, რომელმაც იგი აუქციონზე 64 000 ევროდ გაყიდა.

აუქციონის მიზანი 8 თვის გავრილო ჯურჯევიჩის დახმარება გახლდათ, რომელიც სპინალურ კუნთოვან ატროფიას ებრძვის და მკურნალობისთვის დაახლოებით 1 მილიონი ევრო სჭირდება. სერბული პრესის ინფორმაციით, გავრილოს დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში მონაწილეობა თავად რონალდუმაც მიიღო. პორტუგალიელმა საქველმოქმედო ორგანიზაციას თავისი ხელმოწერით „იუვენტუსის“ 7-ნომრიანი მაისური გაუგზავნა.

კრიშტიანუმ მაისურზე ორი წარწერა განათავსა - „ცოცხალი ლეგენდა“ და „გავრილოსთვის“ რონალდუს მაისური აუქციონზე უკვე გატანილია და საწყისი ფასი 1 მილიონი სერბული დინარი გახლავთ, მის მსურველებს კი მიზნის მისაღწევად 4 დღეზე მეტი აქვთ დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვა კომპანია MozzartBet-მა შესთავაზა, რომელმაც წინა აუქციონზე მისი სამკლაური შეიძინა. MozzartBet პორტუგალიელს ერთ-ერთი სპორტული სააგენტოს წყალობით დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავის ჟესტს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა რონალდუს ქველმოქმედებას მხარი დაუჭირეს და სხვა ფეხბურთელებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამკლაურზე ჩატარებულ აუქციონს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია და სერბეთში იმედი აქვთ, რომ იგივე არ განმეორდება. მაშინ რამდენიმე მონაწილემ პროცესისთვის ხელის შეშლა სცადა და ისინი არარეალურ თანხებს ჩამოდიოდნენ, რის გამოც დაბრკოლებები შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები