Aa
Aa

„წინ ამაღელვებელი დრო გველოდება" - იფსვიჩის სპონსორი ედ შირანი გახდა

ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ „იფსვიჩს“ ახალი სპონსორი ჰყავს. „ლურჯებმა“ კონტრაქტი ცნობილ მომღერალთან, ედ შირანთან გააფორმეს და მომდევნო სეზონში ქალთა და კაცთა გუნდების მაისურების სპონსორი სწორედ ბრიტანელი მუსიკოსი იქნება.

ხელშეკრულებას ვადა 2021-22 წლების სეზონის ბოლოს ეწურება და „იფსვიჩის“ მაისურზე შირანის ალბომების სახელებსა და სიტყვა „ტურს“ ვიხილავთ.

„ეს საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ეს ჩემი მხარდაჭერის გამოხატვის გზა გახლავთ. პორტმან როუდზე წასვლა ყოველთვის მსიამოვნებდა და როგორც კი გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლის უფლებას მისცემენ, იქ დაბრუნებას მოუთმენლად ველი. აშშ-დან ახალი მფლობელების შემოსვლასთან ერთად, იფსვიჩის ქომაგებს, რომელთა შორის მეც ვარ, წინ ამაღელვებელი დრო ელოდება“, - განაცხადა შირანმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

„იფსვიჩის“ გაყიდვების დირექტორი, როზი რიჩარდსონი კმაყოფილია, რომ შეთანხმება შედგა და მისი კლუბი ცნობილ მომღერალს დაუკავშირდა. „რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ედი მომდევნო სეზონიდან ჩვენი სპონსორი იქნება. მასთან და მის მენეჯერებთან სხვადასხვა ინიციატივის თაობაზე წლების განმავლობაში ბევრჯერ მიმუშავია და ედი და მისი სტუმრები პორტმან როუდზე გამართულ მატჩებზე დასასწრებად უამრავჯერ მიმიღია. მან მშობლიურ ქალაქს მხარდაჭერა სხვადასხვა გზით გამოუცხადა და ეს ამის ერთ-ერთი მაგალითია“.

შეგახსენებთ, რომ „იფსვიჩს“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიპში აღზევების შანსი არ აქვს. „ლურჯები“ 66 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ და გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე, საპლეიოფო ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები