უეფამ 9 კლუბის რეინტეგრაცია დაამტკიცა - რეალი, ბარსა და იუვე სუპერ ლიგას არ ტოვებენ
Aa
Aa

უეფამ 9 კლუბის რეინტეგრაცია დაამტკიცა - რეალი, ბარსა და იუვე სუპერ ლიგას არ ტოვებენ

უეფამ სუპერ ლიგის დამფუძნებელი 12 კლუბიდან ცხრის რეინტეგრაცია დაამტკიცა. „არსენალს“, „მილანს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოს“, „ინტერს“, „ლივერპულს“, „სიტის“, „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემს“ დათმობებზე წასვლა მოუწიათ და სანქციები დაეკისრათ, „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ კი უკან არ იხევენ და სავარაუდოდ, უფრო მკაცრად დაისჯებიან.

ზემოთ ხსენებული 9 კლუბი და უეფა შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:

- კლუბები უპირობოდ აღიარებენ და იღებენ უეფას წესდების სავალდებულო ხასიათს.

- კლუბები ყოველ სეზონში მონაწილეობას მიიღებენ უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში თუ სპორტული პრინციპით კვალიფიკაციის გავლას შეძლებენ.

- კლუბები ხელახლა შეუერთდებიან ევროპული კლუბების ასოციაციას. ეს არის კლუბების ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც უეფა აღიარებს.

- კლუბები გადადგამენ ყველა ნაბიჯს, რათა სუპერ ლიგა დატოვონ.

- კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, სხვა კლუბებთან ერთად, გააკეთებენ 15 მილიონი ევროს ოდენობის შემოწირულობას, რომელიც ევროპის მასშტაბით ადგილობრივ საზოგადოებებში ბავშვთა ფეხბურთს, ახალგაზრდულ ფეხბურთსა და მასობრივ ფეხბურთს მოხმარდება.

- კლუბები დათანხმდნენ უარი თქვან შემოსავლის 5 პროცენტზე, რომელსაც ერთ სეზონში ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის შედეგად მიიღებენ.

- კლუბებს დაეკისრებათ მსუყე ჯარიმები თუ მომავალში უეფას მიერ არასანქცირებულ ტურნირებში მონაწილეობას მიიღებენ (100 მილიონი ევრო) ან დეკლარაციაში გაწერილ სხვა წესდებას დაარღვევენ (50 მილიონი ევრო).

უეფა „რეალის“, „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, ზემოთ ხსენებული კლუბების მისამართით ყველა ზომა გამოიყენოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ საქმე განსახილველად უეფას სადისციპლინო კომიტეტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები