Aa
Aa

"სასიამოვნო და ღია თამაშს ველოდები" - პირლო მილანთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ „მილანს“ მასპინძლობს. შეხვედრის წინ, „ბიანკონერის“ თავკაცმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

რა თქვა პირლომ ?

„ველოდები სასიამოვნო და ღია თამაშს. ორივე გუნდს უყვარს პრესინგი და შეტევა. „მილანსაც“ და „იუვენტუსს“ ინიციატივის აღება კარგად გამოსდით. სრული შემადგენლობით ვართ, ყველამ ივარჯიშა. შემიძლია საუკეთესო თერთმეტეული დავაყენო. რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და ამან შეიძლება არჩევანზე გავლენა იქონიოს.

ახლა მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. რაც სტადიონს გარეთ ხდება არ გვაინტერესებს. „უდინეზესთან“ გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ბედნიერები ვართ, რომ სწორედ რონალდუს გოლებით მოვიგეთ.

კრიშტიანუ და იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან. მათი ყურებით ვტკბებით. გეტყვით, რომ ალვარო მორატა კარგად არის და სათამაშოდ მზად არის. გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება, რათა შევინარჩუნოთ ის მაღალი ინტენსივობა, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთში. მნიშვნელოვანია, რომ მატჩი მაქსიმალური კონცენტრაციით დავიწყოთ."

სატურნირო მდგომარეობა

სერია ა-ს ჩემპიონი „ინტერი“ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ატალანტა“, „მილანი“ „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ იბრძვიან.

გატუზოს გუნდმა 35-ე ტურის მატჩი ითამაშა და მოიგო. ამ მომენტისთვის „პარტენოპეი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებზე 1 თამაშით მეტი აქვს. ბერგამოელებს, ტურინელებს და მილანელებს 69 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ბერგამოული კლუბი მესამეზეა, „ბიანკონერი“ მეოთხეზე და „მილანი“ მეხუთეზე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 9 მაისს, თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები