Aa
Aa

სონდერსმა დაადასტურა - ბრიტანელმა მძიმე დაზიანებები მიიღო

ბრიტანელმა მებრძოლმა, ბილი ჯო სონდერსმა კანელო ალვარესთან გამართული ბრძოლის შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. სონდერსი მექსიკელთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. ქომაგთა აზრით, იგი მარტივად დანებდა და ბრძოლის გაგრძელება შეეძლო, თუმცა 31 წლის მოკრივემ დაადასტურა, რომ მძიმე დაზიანებები მიიღო.

„დიდი მადლობა წერილებისთვის. ორბიტალური ძვლისა და ყვრიმალის ძვლის მოტეხილება 3 ადგილას. ოპერაცია გუშინ ჩამიტარდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ხან მოიგებ, ხან წააგებ და არ მიგრძნია, რომ ჩემი ლიგიდან შორს ვიყავი, თუმცა კარგი დარტყმა მივიღე და მხედველობა დავკარგე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ბრძოლას უყურა. აუცილებლად დავბრუნდები და ღმერთმა დაგლოცოთ“.

ცნობისთვის, ახლახან სონდერსის ტრავმის შესახებ კომენტარი მისმა მწვრთნელმა, მარკ ტიბსმაც გააკეთა და განაცხადა, რომ რინგზე პირსახოცის გადაგდება მან გადაწყვიტა. ტიბსის მიხედვით, ბრიტანელს არ უთქვამს, რომ ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა, არადა იგი უდიდეს ტკივილს გრძნობდა.

ცნობილი მწვრთნელის სიტყვების მიუხედავად, სონდერსის კრიტიკა გაგრძელდა და მის მარცხს WBA-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელი, ფერნანდო ვარგასი გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა ბილი ჯო დედალ ძაღლს შეადარა და განაცხადა, რომ მას საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლის შემდეგ ბრიტანელი დალასში მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა. ბილი ჯოს პრომოუტერის, ედი ჰრინის მიხედვით, მას მიღებული დაზიანებების გამო ძალიან, ძალიან დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები