რესტარტი: ბარსელონაში განახლება იწყება? მწვრთნელები და ტრანსფერები
Aa
Aa

რესტარტი: ბარსელონაში განახლება იწყება? მწვრთნელები და ტრანსფერები

ესპანური პრესა რონალდ კუმანის „ბარსელონადან“ დათხოვნის შესახებ სულ უფრო აქტიურად წერს. როგორც ცნობილია, ლაპორტა ნიდერლანდელს შეხვდება და სავარაუდოდ ყველაფერიც გაირკვევა.

იქამდე კი პრესა „ბლაუგრანას“ შესაძლო ახალ მთავარ მწვრთნელებზე წერს და კანდიდატებს გვთავაზობს. ვის აქვს მეტი შანსი, რომ ახალი სეზონიდან „ბარსას“ სათავეში ჩაუდგეს?

გთავაზობთ კანდიდატებს და მათ შანსებს. ასევე სატრანსფერო გეგმებს:

ჩავი

„ბარსას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ „ალ სადთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის თანახმად, ჩავის „ბლაუგრანასგან“ შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლება.

თავად ჩავიმ ამ პუნქტის არსებობა უარყო და აღნიშნა, რომ ის ორივე კლუბის წარმომადგენელთა მხრიდან ოფიციალური მოლაპარაკებების მომხრეა. ესპანელი ყატარულ გუნდს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაემშვიდობება.

თუ პრესას დავუჯერებთ, ესპანელი თავისი აღმზრდელი კლუბის გაწვრთნის ნომერ პირველ კანდიდატად რჩება, თუმცა რას ფიქრობს ჟოან ლაპორტა, ეს ჯერ არავინ იცის.

ხორდი კრუიფი

ჩინური „შენჟენის“ მთვარი მწვრთნელი და ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი - მას „ბარსელონას“ ბოლო წლებია აქტიურად უკავშირებენ, თუმცა არა მწვრთნელად, არამედ კლუბის სტრუქტურაში დასაქმებას უწინასწარმეტყველებენ.

თავდაპირველად ხორდი კრუიფის სახელი წინასაარჩევნო პერიოდში ვიქტორ ფონტმა გააჟღერა და ის მის გუნდში მოიხსენია.

არჩევნების დასრულების შემდეგ, უკვე პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კრუიფის თავის გუნდში ხილვა არ გამორიცხა. ამჯერადაც საუბარი კლუბში დასაქმებაზე იყო და არა მწვრთნელის პოსტზე.

ახლა უკვე ესპანური პრესა წერს, რომ ლაპორტას ფავორიტი სწორედ ხორდი კრუიფია, თუმცა წყაროს სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამ მომენტისთვის ვერ ვიტყვით, რომ ლაპორტას ფავორიტი ის არის.

ხორდი კრუიფს საკმაოდ სუსტი სამწვრთნელო კარიერა აქვს და აქედან გამომდინარე ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა.

გარსია პიმიენტა

„ბარსელონას“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ურიგოდ ნამდვილად არ მუშაობს. ის პირველი გუნდის ჩაბარებასთან გასულ სეზონში ახლოს იყო. როდესაც ვალვერდე დაითხოვეს, ზაფხულამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით სწორედ მისი კანდიდატურა განიხილებოდა და ალბათ აჯობებდა კიკე სეტიენის დანიშვნის ნაცვლად შანსი პიმიენტასთვის მიეცათ.

„პირველი გუნდის გასაწვრთნელად ყოველთვის ვიყავი და ახლაც მზად ვარ. ყოველდღიურად ვშრომობ, ვმუშაობ და მგონია, რომ ეს ყველაფერი არარეალური არ არის. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამის მიღწევა ჩემი მიზანია“. - ამბობს პიმიენტა, რომელიც კანდიდატთა შორის მართლაც სახელდება, თუმცა მისი შანსები საკმაოდ დაბალია.

„რიკი პუჩი ბარსელონაში თამაშისთვის არის დაბადებული. ამჟამად გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს იმსახურებენ, თუმცა შანსი არ ეძლევათ“. - პიმიენტა პირველია, ვინც კუმანი საჯაროდ გააკრიტიკა და მისი არჩევანი დაიწუნა.

ჰანსი ფლიკი

ბოლო 48 საათში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც „ბარსა“ ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა.

როგორც მოგეხსენებათ, ფლიკი „ბაიერნიდან“ უკვე წასულია, თუმცა მას გერმანიის ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, რაც უკვე თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

ESPN-ის ცნობით, ფლიკის გარემოცვამ „ბარსელონას“ ინტერესი დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გერმანიის ნაკრებთან თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ამ ეტაპზე ისინი სხვა წინადადების განხილვას არ აპირებენ.

შანსები მცირეა, თუმცა ლაპორტამ შესაძლოა ფლიკის გადაბირება მაინც სცადოს.

იურგენ კლოპი

კლოპს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება, თუმცა შესაძლოა გერმანელმა „ენფილდი“ სეზონის ბოლოს დატოვოს.

გუნდის ბოლო დროინდელი ცუდი თამაშიდან და შედეგებიდან გამომდინარე ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კლოპი სტივენ ჯერარდმა შეცვალოს, რომელმაც „რეინჯერსში“ დიდებულად იმუშავა და „სელტიკის“ ჰეგემონიის დამხობაში დაეხმარა.

Sport-ი წერს, რომ „ბარსელონას“ გასახდელში კლოპის კანდიდატურა ძალიან მოსწონთ და ამ ვარიანტს მიესალმებიან.

რა სურს თავად კლოპს და რა მიმართულებით წავა „ბარსა“, ამას მაისის ბოლოს გავიგებთ.

სხვა კანდიდატები

ტიერი ანრი, გაბრიელ მილიტო, მარსელო გალიარდო - ეს ის სახელებელია, რომლებსაც სიაში ვხვდებით, თუმცა მათი შანსები საკმაოდ მცირეა.

გალიარდო „ბარსას“ ბევრჯერ დაუკავშირეს, თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ. მილიტოსა და ანრის დანიშვნა კი ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ ლაპორტა იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას პრიორიტეტულად მიიჩნევდა, თუმცა კატალონიელებს „ბაიერნმა“ დაასწრო და ხელსაყრელი ვარიანტი ცხვირწინ ააცალა.

ტრანსფერები - პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში როდია

„ბარსელონას“ მწვრთნელად ამჟამად ვინც არ უნდა დაინიშნოს, დადებითი შედეგის დაფიქსირება ნებისმიერს გაუჭირდება, რადგან გუნდის შემადგენლობა უკვე დიდი ხანია გვარიანად არის გადასახალისებელი.

ცნობილია, რომ ჯერ კლუბს ფული არ აქვს და ძირითადად თავისუფალ აგენტებზე ნადირობს - აგუერო, დეპაი, ვაინალდუმი, ერიკ გარსია, ჯერომ ბოატენგი - სია კარგად გამოიყურება, თუმცა ყველა მათგანს კლუბი ალბათ ვერ დაიმატებს.

ამ მომენტისთვის გარსიასა და აგუეროს ტრანსფერების ალბათობა ძალიან დიდია, მაგრამ „ბარსას“ პრობლემებს, რომ „სიტის“ ორი ღრმა რეზერვისტი ვერ მოაგვარებს, ამას დიდი ექსპერტობა ნამდვილად არ სჭირდება.

კლუბს დაცვის ორივე ფლანგზე პრობლემები აქვს. ალბას კონკურენტი არ ჰყავს, რაც ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან მას კონკურენციას მეორე გუნდის წევრი ალეხანდრო ბალდე გაუწევს.

მარჯვენა ფლანგზე კი სერხი რობერტო და სერჟინიო დესტი არადამაჯერებლად გამოიყურებიან. დაცვით ასპექტებში ორივე საკმაოდ სუსტია.

დაცვის ცენტრში კი ალბათ უმჯობესი იქნება, თუ კატალონიელები გარსიასთან ერთად ბოატენგსაც გაიფორმებენ. კუმანის გუნდის უკანა ხაზი მიმდინარე სეზონში უბრალოდ კატასტროფულად გამოიყურება.

ლაპორტა 1 მეგატრანსფერს უმიზნებდა, თუმცა ნეიმარისა და ჰოლანდის ვარიანტები მას ხელიდან გამოეცალა. ბრაზილიელიც და ნორვეგიელიც თავიანთ კლუბებში რჩებიან და როგორც მინიმუმ 1 წელი არსად წავლენ.

საბოლოო ჯამში ვითარება ასეთია - „ბარსას“ მინიმუმ 2 მცველი, მინიმუმ 1 ნახევარმცველი და 2 შემტევი სჭირდება, რომ გუნდმა სუნთქვა დაიწყოს. 2021 წლის ზაფხული ბევრ რამეს გამოაჩენს, მათ შორის მთავარს - დარჩება, თუ არა ლეო მესი „კამპ ნოუზე“? ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები „ლა პულგას“ მომავალთან პირდაპირ კავშირშია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები