Aa
Aa

საპროტესტო აქციის პარალელურად გამართული მატჩი - ცრემლსადენი გაზი და 5-ჯერ შეწყვეტილი შეხვედრა

კოპა ლიბერტადორესის H ჯგუფის მე-4 ტურში „ამერიკა დე კალიმ“ „ატლეტიკო მინეიროს“ უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. შეხვედრა კოლუმბიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად გაიმართა და ამის გამო მატჩი რამდენჯერმე შეწყდა.

ESPN-ის ინფორმაციით, სტადიონის მიმდებარე ქუჩებში შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რომელმაც პრობლემები ფეხბურთელებსაც შეუქმნათ. პირველ ტაიმში მსაჯმა მატჩი 4-ჯერ შეაჩერა. ყველაზე გრძელი 38-ე წუთზე აღებული პაუზა აღმოჩნდა, რომელმაც დაახლოებით 10 წუთს გასტანა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მოთამაშეებმა მოედანი დატოვეს და გასახდელისკენ გაემართნენ.

ამის შემდეგ, შეხვედრის მთავარი არბიტრი, ანდრეს კუნია გუნდების კაპიტნებს გაესაუბრა და პირველი ნახევრის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა მატჩი კიდევ ერთხელ შეწყდა. ESPN-ის მიხედვით, საწყისი ტაიმის ბოლოსკენ, როცა შეხვედრა კიდევ ერთხელ განახლდა, „ამერიკა დე კალის“ ფეხბურთელები ერთმანეთს პასებს უკეთებდნენ და დროს იყვანდნენ, „ატლეტიკო მინეიროს“ მოთამაშეები კი ერთ ადგილას იდგნენ, რათა როგორღაც პირველი ტაიმის ჩაემთავრებინათ.

მეორე ნახევრის სტარტზე საპროტესტო აქცია პრაქტიკულად დაშლილი იყო, თუმცა ცრემლსადენმა გაზმა ფეხბურთელებს პრობლემები მაინც შეუქმნა და მსაჯს რამდენჯერმე მოკლე პაუზის აღება მოუწია. საბოლოოდ, შეხვედრა „ატლეტიკო მინეიროს“ გამარჯვებით დასრულდა და ბრაზილიურმა კლუბმა 3-1 იმარჯვა.

ცნობისთვის, კოლუმბიაში პროტესტის სერიოზული ტალღაა აგორებული. 2 კვირის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ივან დუკემ საგადასახადო რეფორმა გაატარა და ვითარების გამწვავება სწორედ ამას მოჰყვა. სამხრეთ ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, კოლუმბიაში არსებული დაძაბულობისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, არის შანსი, ქვეყანას კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვას. ბრაზილიური გამოცემის, O DIa-ს მიხედვით, დიდი ალბათობით, კოპა ამერიკის მატჩების ნაწილი კოლუმბიის ნაცვლად, ჩილეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები