მემორანდუმი რაგბის კავშირსა და სტუ-ს შორის
Aa
Aa

მემორანდუმი რაგბის კავშირსა და სტუ-ს შორის

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მის თანახმად, საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების წევრებს, შეღავათიან ფასებში შეეძლებათ განათლების მიღება და ისარგებლებენ სპეციალური გრაფიკით.

მემორანდუმის მიზანია, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება ამ და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში აღორძინდეს პროფესიული თუ სამოყვარული რაგბი.

იოსებ ტყემალაძე (სრკ-ს პრეზიდენტი): „დიდი მადლობა ბატონ დავითს ამ შესაძლებლობისთვის. ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან კარგი რაგბის გუნდი ყავდა და ახლა ჩვენ ისტორიას ვაბრუნებთ. ეს მემორანდუმი, უპირველესად, ემსახურება უნივერსიტეტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის და შემდგომში რაგბის პოპულარიზაციას. ჩვენს ცოდნას და ტექნიკურ საშუალებებს უნივერსიტეტს მოვახმართ. ნაკრების წევრებს ექნებათ შეღავათები სწავლების პროცესში და ვეცდებით როგორც პროფესიული, ასევე სამოყვარულო რაგბი განვავითაროთ ტექნიკურ უნივერსიტეტში“.

გივი ჭიჭინაძე (სრკ-ს გამგეობის თავმჯდომარე): „ტექნიკურ უნივერსიტეტს სპორტული კუთხით დიდი ტრადიციები გააჩნია. რაგბის გუნდი საქართველოში პირველად სწორედ აქ ჩამოყალიბდა და ესაა სრაგბო მექა საქართველოში. ეს მემორანდუმი დაეხმარება როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე რაგბის კავშირს, რათა მოხდეს ჩვენი თამაშის პოპულარიზაცია. მსგავსი მემორანდუმები გაფორმდება სხვა უნივერსიტეტებთანაც“. 

თორნიკე გოგებაშვილი (სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი): „ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. მოხდება სპეციალისტების გადამზადება როგორც სამსაჯო, ასევე სამწვრთნელო მიმართულებით. გარდა ამისა, გრაფიკისა თუ სხვა კუთხით ექნებათ შეღავათები ნაკრების მოთამაშეებს. მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანია, რომ აღდგეს საქართველოს ისტორიაში პირველი სარაგბო კლუბი, რომელიც ჩაერთვება როგორც სტუდენტურ, ასევე პროფესიულ ჩემპიონატებში“.

დავით გურგენიძე (სტუ-ს რექტორი): „დიდი მადლობა რაგბის კავშირს, რადგან დღეს ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. იმ მოზარდებს, რომლებიც სწავლობენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და თამაშობენ რაგბს, მიეცემათ საშუალება ისარგებლონ სპეციალური გრაფიკით. ჩვენ დავეხმარებით ყველა სპორტსმენს, რომ თავიანთი წარმატებებით სახელი გაუთქვან ჩვენს ქვეყანას და ამავდროულად, შეიძინონ ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები