რეალი შესაძლოა ალეგრიმ ჩაიბაროს
Aa
Aa

რეალი შესაძლოა ალეგრიმ ჩაიბაროს

„რეალიდან“ ზიდანის წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება. ამავდროულად იწერება „ზიზუს“ სავარაუდო შემცვლელთა შესახებაც.

Marca რაულის კანდიდატურას განიხილავდა, დღეს კი მასიმილიანო ალეგრის სახელიც გამოჩნდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მადრიდელები ალეგრის უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყარო აღნიშნავს, რომ 2018 წელს „რეალმა“ ალეგრის გადაბირება სცადა, თუმცა იმ დროს „მედ მაქსს“ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და „სამეფო კლუბს“ უარი უთხრა. ამჯერად კი შეთანხმების ალბათობა გაცილებით დიდია.

რაც შეეხება რაულს, კლუბის ლეგენდაზე ესპანური გამოცემები უკვე დიდი ხანია წერენ. პერესს ის მოსწონს, თუმცა ალეგრის გამოცდილებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

რატომ მიდის ზიდანი? მიზეზები

„ზიზუს“ კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და მადრიდში იმედოვნებნდნენ, რომ ფრანგი მინიმუმ მის ამოწურვამდე გუნდში დარჩებოდა, თუმცა როცა ფლორენტინო პერესმა „ზიზუ“ კლუბში დაბრუნებაზე დაიყოლია, მათი შეთანხმება ახალი გუნდის შენებას და ტრანსფერებს ითვალისწინებდა, რომლებიც მადრიდელებმა ვერ განახორციელეს.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია, პანდემია - ამ ყველაფერმა პერესს ტრანსფერებისთვის საჭირო თანხების მოძიებაში ხელი შეუშალა. როგორც ცნობილია საუბარი იყო კილიან მბაპეს, სადიო მანეს, ნგოლო კანტესა და ედუარდო კამავინგას ტრანსფერებზე. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს კლუბი ვერ შეიძენდა, თუმცა ამ შთამბეჭდავი სიიდან „ლოს ბლანკოსმა“ ვერცერთი გაიფორმა.

ესპანური პრესა ზიდანის წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ამ ფაქტსაც ასახელებს.

როგორც ცნობილია, „ზიზუს“ საფრანგეთის ნაკრებში და ტურინის „იუვენტუსში“ ეპატიჟებიან. პერესი კი ახალ მთავარ მწვრთნელად რაულ გონსალესს განიხილავს. რა მოხდება საბოლოოდ, ამას დაახლოებით 1 თვეში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები