ფულადი წახალისება - კალათბურთელთა ასოციაციამ სეზონის გამორჩეული ახალგაზრდები დააჯილდოვა
Aa
Aa

ფულადი წახალისება - კალათბურთელთა ასოციაციამ სეზონის გამორჩეული ახალგაზრდები დააჯილდოვა

საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ სუპერლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელ ლუკა მაზიაშვილსა და გამორჩეულ ახალგაზრდა კალათბურთელ ლუკა ბულაშვილს ფულადი პრიზები გადასცა.

მოთამაშეებს ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ და ასოციაციის გამგეობის წევრმა, დუდა სანაძემ გადასცეს.

საკალათბურთო კლუბ "ვერას" წევრ ლუკა მაზიაშვილს, როგორც სუპერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგახრდა მოთამაშეს, რამდენიმე დღის წინ ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცა.

"დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას დაფასებისა და ყურადღებისთვის. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის  პრიზი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მოტივაცია გახლავთ. შევეცდები, ამ ჯილდოს მიღება კარგი თამაშით გავამართლო.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო "ვერას", რომლის რიგებშიც ეს წელი გავატარე. ვფიქრობ, მთლიანობაში წარმატებული სეზონი გამომივიდა", - განაცხადა მაზიაშვილმა.

"დინამოს" წარმომადგენელი ლუკა ბულაშვილი, რომელიც სეზონის გამორჩეული ახალგაზრდა კალათბურთელია, გელა დარსაძის სახელობის თასით დაჯილდოვდა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციას დაფასებისა და ჯილდოსთვის. ასევე მადლობა გელა დარსაძის სახელობის თასის მონიჭებისთვის. ვეცდები გავამართლო ნდობა და კიდევ უფრო მოვუმატო. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს გუნდს - თბილისის "დინამოს", - აღნიშნა ბულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ბულაშვილს სუპერლიგის MVP-ს წოდებამდე ერთი ხმა დააკლდა. იგი საშუალოდ 21.4 ქულას, 3.4 მოხსნასა და 4.5 პასს აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები