კვლავ იგივე - რეალი საკუთარი ისტორიიდან რონალდუს წაშლას ცდილობს
Aa
Aa

კვლავ იგივე - რეალი საკუთარი ისტორიიდან რონალდუს წაშლას ცდილობს

მადრიდის „რეალის“ თვითერის ოფიციალურმა გვერდმა 3 ივნისს პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ამ დღეს, 2017 წელს... ჩვენ მოვიგეთ მეთორმეტე!“ - ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც თან ფოტოც ახლავს.

საქმე იმაშია, რომ მადრიდელებმა ფოტოდან კრიშტიანუ რონალდუ ჩამოაჭრეს და ისინი ამას პირველად არ აკეთებენ. ამ ფაქტს ქომაგების გაღიზიანება მოჰყვა და „სამეფო კლუბს“ დიდი კრიტიკის მიღება მოუხდა.

ხსენებული ფოტო უფრო ობიექტური რაკურსით ასეთია.

როგორც უკვე აღვნიშნე „რეალი“ რონალდუსთან მიმართებით ასე პირველად არ მოქცეულა. ჯერ კიდევ 2019 წელს, მადრიდელებმა პორტუგალიელის თავიანთი ისტორიიდან ამოშლა და სრული იგნორირება დაიწყეს.

2018 წელს უეფამ წლის გუნდში „რეალის“ 5 მოთამაშე შეიყვანა. იმ დროს კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე შესვლისას ასეთი რამ ხდებოდა: საიტზე გვხვდებოდა მადრიდელთა 4 მოთამაშე - რამოსი, ვარანი, მოდრიჩი და მარსელო, რომლებიც უეფას წლის გუნდში მათი რიგებიდან მოხვდნენ, თუმცა ფოტოზე კრიშტიანუ არ იყო, რომელიც უკვე „იუვენტუსის“ წევრი გახლდათ, თუმცა გასულ სეზონში ლიგა „სამეფო კლუბთან“ ერთად მოიგო და ამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილიც შეიტანა.

მადრიდელთა ვებ გვერდზე არის სექციები სადაც „რეალის“ ისტორიასა და ლეგენდარულ ფეხბურთელებზეა საუბარი. იქ კი დისტეფანოსა და ზიდანის ფოტოებს ვხვდებით. კვლავ არსად ჩანს რონალდუ.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ თავის ოფიციალურ არხზე ვიდეობში რონალდუს კადრების მაქსიმალურად შემცირებას აპირებდა.

როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსში“ ტრანსფერის შემდეგ „რეალმა“ რონალდუს გამოწერა ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და თვითერზე გააუქმა, ფეხბურთელმაც ანალოგიურად უპასუხა.

საბოლოოდ, ბრიტანულ Daily Mail-ს რონალდუსთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ „რეალი“ თავიანთი ისტორიიდან კრიშტიანუს ამოშლას ცდილობს.

როგორც ჩანს, მადრიდელები კვლავ ასეთ მიდგომას ირჩევენ და თავიანთ მდიდარ ისტორიაში რონალდუს იგნორირებას ახდენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები