დონჩიჩის მაგია საკმარისი არ აღმოჩნდა - კლიპერსმა დალასი დაამარცხა
Aa
Aa

დონჩიჩის მაგია საკმარისი არ აღმოჩნდა - კლიპერსმა დალასი დაამარცხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „დალას მავერიქსის“ საოცარი სერია ოფიციალურად დასრულდა. ლუკა დონჩიჩის გუნდი „სტეიპლს სენთერში“ პირველად დამარცხდა და მათდა სამწუხაროდ, ეს სერიის გადამწყვეტ, მე-7 შეხვედრაში მოხდა.

ტექსასელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი სამი ქულით მოიგეს - 38-35. მეორე მეოთხედი „კლიპერსის“ უპირატესობით წარიმართა და მასპინძლები პირველი ნახევრის შემდეგ, 8 ქულით იგებდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე „დალასი“ 19-6 გაიქცა და 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა ლოს ანჯელესელებმა მეტოქეს სათანადოდ უპასუხეს, მესამე მეოთხედის დარჩენილ დროში 24-4 გაიქცნენ და გადამწყვეტ პერიოდს 15-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. „მავერიქსმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა მატჩში გარდატეხა ვერ შეიტანა და საბოლოოდ, 126-111 დამარცხდა.

ტექსასელთა ლიდერს, ლუკა დონჩიჩს ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა. სლოვენიელმა 46 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა გაიფორმა. დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის სერიის მე-7 შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. ამასთან, იგი მეორეა, ვინც მე-7 შეხვედრაში სულ მცირე 45 ქულა და 10 ასისტი მიითვალა.

„კლიპერსის“ მხრიდან ლუკას კავაი ლეონარდმა უპასუხა. ამ უკანასკნელმა 28 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და მეორე ნახევარში დონჩიჩის წინააღმდეგ ბრწყინვალე დაცვა ითამაშა. პოლ ჯორჯს 22 ქულა და 10 ასისტი ჰქონდა. მორისი და რეჯი ჯექსონი კი 23 და 15 ქულას დასჯერდნენ.

„დალასთან“ წარმატების შემდეგ, „კლიპერსი“ NBA-ის ისტორიაში მე-5 გუნდია, რომელმაც საკუთარ კედლებში წაგებული საწყისი 2 მატჩის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. ლოს ანჯელესელთა მომდევნო მეტოქე დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგის მქონე „იუტა ჯაზი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები