ნადალი VS ჯოკოვიჩი - მატჩის წინ
Aa
Aa

ნადალი VS ჯოკოვიჩი - მატჩის წინ

„როლან გაროსი“ გადამწყვეტ ფაზაში შედის. ნახევარფინალში ორი ლეგენდარული მოთამაშე რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. ეს ჩოგბურთელები ისტორიაში 58-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. მათ შორის ურთიერთშეხვედრებს სერბი ვარსკვლავი 29:28-ს იგებს.

რაფაელ ნადალი

ესპანელი „მატადორი“ კარიერაში 21-ე დიდი სლემის მოგებას შეეცდება, ხოლო ფინალში გასვლის და გამარჯვების შემთხვევაში ნადალი მე-14 „როლან გაროსს“ დაეუფლება.

პირველ წრეში ნადალი ავსტრიელ პოპირინს შეხვდა და სამ სეტში 6:3 6:2 7:6 დაამარცხა. მეორე წრეში რიშარ გასკე იმსხვერპლა ასევე სამ სეტში 6:0 7:5 6:2. ფრანგის შემდეგ კამერონ ნორის ჯერი დადგა. რაფაელმა აქაც სამ სეტში 6:3 6:3 6:3 გაიმარჯვა. მერვედფინალში 20 დიდი სლემის მფლობელი ამომავალ ვარსკვლავს იანიკ სინერს შეხვდა და მარტივად 7:5 6:3 6:0 დაამარცხა. ერთადერთი სეტი ნადალმა მეოთხედფინალში წააგო. დიეგო შვარცმანთან დაპირისპირებაში ანგარიში 6:3 4:6 6:4 6:0 დაფიქსირდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

განსხვავებით ნადალისგან, რეიტინგის პირველ ნომერს მარტივი თამაშები არ ჰქონია. პირველი წრეში „ნოლე“ ტენის სანდგრენს შეხვდა და სამ სეტში 6:2 6:4 6:2 გაიმარჯვა. მეორე წრეში ჯოკოვიჩი პაბლო კუევასს გაუსწორდა 6:3 6:2 6:4. ურუგვაელის შემდეგ ბერანკისის ჯერი დადგა.

ნოვაკმა მას შანსი არ დაუტოვა და 6:1 6:4 6:1 გაანადგურა. ამის შემდეგ დრამატული მერვედფინალის ჯერი დადგა. სერბი ჩოგბურთელი მუსეტის გადაეყარა და პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი გამოფხიზლდა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო. გადამწყვეტ ნაწილში კი მუსეტი დანებდა. მეოთხედფინალში ნოვაკის მეტოქე მატეო ბერეტინი იყო, რომელიც 4 სეტში 6:3 6:2 6:7 7:5 დაამარცხა.

ნადალი VS ჯოკოვიჩი

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 58-ედ ხვდებიან და მიზერული უპირატესობა ნოვაკს აქვს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი დაპირისპირება ესპანელის გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელად ნოვაკი და რაფაელი 2021 წელს რომში შეხვდნენ და ნადალმა 7:5 1:6 6:3 გაიმარჯვა რომის მასტერსამდე კი შარშან „როლან გაროსის“ ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც „მატადორმა“ უმარტივესად 6:0 6:2 7:5 გაიმარჯვა და დიდი სლემის რაოდენობით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ თუ ჯოკოვიჩი ფინალში გავა და გაიმარჯვებს მისთვის ეს რიგით მე-19 დიდი სლემი იქნება. ცნობისთვის, ხსენებული დაპირისპირება 11 ივნისით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები