მილანი და ბარსა რომანიოლი-ფირპოს გაცვლას გეგმავენ
Aa
Aa

მილანი და ბარსა რომანიოლი-ფირპოს გაცვლას გეგმავენ

გავლენიანი იტალიური გამოცემა Sportmediaset-ი წერს, რომ „მილანი“ და „ბარსელონა“ ბარტერის განხორციელებას გეგმავენ. საუბარია ალესიო რომანიოლისა და ჟუნიორ ფირპოს გაცვლაზე.

ფირპო „როსონერის“ დიდი ხნის სამიზნეა და იტალიური გრანდი მის შეძენას მეორე წელია ცდილობს. Corriere della Sera და Sky Sport Italia ესპანელ მცველს „სან სიროზე“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ „მილანი“ ფირპოს იჯარის წესით აყვანაზე მუშაობდა, თუმცა Sportmediaset-ის მტკიცებით, მხარეები ბარტერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რომანიოლის „მილანთან“ კონტრაქტი 2022 წელს უსრულდება და ამ მომენტისთვის მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა. ადრე დაიწერა, რომ ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ კლუბს ხელფასის გაზრდა და წლიურად 6 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზეც „როსონერიმ“ უარი თქვა.

რაც შეეხება ფირპოს, მას რონალდ კუმანი არ ენდობა და ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ფირპოს წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა უცნობია თუ სად წავა ის.

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გაცვლა ორივე კლუბის ინტერესებში შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები