Aa
Aa

"ტკივილს მაინც ვგრძნობ" - დე ბრუინი რუსეთთან ვერ ითამაშებს

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტურის შეხვედრას 12 ივნისს (23:00) რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელშიც „წითელ ეშმაკებს“ თავიანთი ლიდერი კევინ დე ბრუინი ვერ დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში რუდიგერთან შეჯახების დროს მიღებული ტრავმა კევინს ჯერაც არ მოურჩენია. მისი თქმით, ტკივილს კვლავ გრძნობს.

„იმედი მაქვს, რომ მეორე მატჩში ვითამაშებ. ცოტა ტკივილს მაინც ვგრძნობ, მაგრამ უკვე ბევრად უკეთესად ვარ. დროდადრო სათვალის ტარება მიწევს, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი“. - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს Nieuwsblad-ი.

რობერტო მარტინესის გუნდს რუსეთის შემდეგ დანიასთან (17 ივნისი) მატჩი უწევს და ჯგუფურ ეტაპს ფინეთთან (21 ივნისი) დაპირისპირებით დაასრულებენ.

აზარი რუსეთთან თადარიგში დარჩება

Marca-ს ცნობით, რუსეთთან შეხვედრაში თადარიგში დარჩება ედენ აზარი, რომელიც რთული სეზონის შემდეგ 100%-ით მზად არ არის.

ედენი ტრავმების შემდეგ ცუდ ფორმაშია და სავარაუდოდ, თუ არ მოუმატებს სასტარტოში მოხვედრა მომდევნო ტურებშიც გაუჭირდება.

„მხოლოდ ერთი კვირაა რაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. მედშტაბთან და თანაგუნდელებთან ერთად ვნახავ თუ როგორ მდგომარეობაში ვიქნები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ ვითამაშებ თუ არა რუსეთთან პირველ შეხვედრაში.

დასაწყისისთვის ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ, ასე რომ ვნახავთ.

ბელგიის ნაკრებზე ზეწოლა ყოველთვის არის. მას შემდეგ, რასაც წარსულში მივაღწიეთ ადამიანები ელიან, რომ კიდევ უფრო გავძლიერდებით. ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ შედეგს სამი წლის წინ მივაღწიეთ. შევეცდებით კიდევ უფრო უკეთ გამოვიდეთ, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა აზარმა RTBF-ისთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები