18 ქულით აგებდა, მაგრამ მოიგო - ატლანტამ ფილადელფიასთან გაათანაბრა
„ატლანტა ჰოუქსმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ სერიაში წონასწორობა აღადგინა. ჯორჯიელებმა ურთულესი გამარჯვება მოიპოვეს და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ნომერს 103-100 სძლიეს.
„ფილადელფიამ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიწურულს 18-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. „ატლანტამ“ მესამე თორმეტწუთეული 11 ქულით მოიგო, ხოლო გადამწყვეტ მომენტებში „სიქსერსზე“ უკეთ იასპარეზა და 1-3 თავიდან აირიდა.
JC hustle‼️ pic.twitter.com/JihfFL7rAV
— Atlanta Hawks (@ATLHawks) June 15, 2021
„ატლანტას“ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი ტრეი იანგი გახლდათ. „აის ტრემ“ 25 ქულა დააგროვა და 18 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბოგდანოვიჩი 22 ქულითა და 5 მოხსნით გამოირჩა, ხოლო კოლინსმა და კაპელამ ორმაგი დუბლები გაიფორმეს - 14 ქულა, 12 მოხსნა, 12 ქულა, 13 მოხსნა.
„ფილადელფიას“ რიგებში 20 ქულით საუკეთესო ტობაიას ჰერისი იყო. სეთ კარიმ და ჯოელ ემბიდმა 17-17 ქულა დააგროვეს, ბენ სიმონსს კი სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 11 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი.
He really can do it all.@MatisseThybulle | #PhilaUnite pic.twitter.com/LJyRdmtCeq
— Philadelphia 76ers (@sixers) June 15, 2021
შეგახსენებთ, რომ „ატლანტასა“ და „ფილადელფიას“ მომდევნო შეხვედრა „სევენთი სიქსერსის“ საშინაო არენაზე გაიმართება და მატჩი 17 ივნისსა ჩანიშნული.