ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს მეტოქე ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამოს'' მეტოქე ბაქოს ''ნეფთჩი'' იქნება.

ცხადაძის გუნდი შეხვედრებს 6/7 და 13/14 ივლისს გამართავს. თამაშების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა. ცნობილია, რომ პირველ მატჩს ''დინამო'' საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის წილისყრისას თბილისის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეების სია ოთხგუნდიანი იყო: შახტიორი (ბელარუსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), მაქაბი (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი).

აზერბაიჯანის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი სამირ აბასოვია, რომელიც პოსტს გასული წლიდან მოყოლებული იკავებს. 2009-10 წლების სეზონში აბასოვი ბაქოს ''ინტერის'' ფეხბურთელი იყო, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნიდა და მას ასისტენტობას გიორგი ჩიხრაძე უწევდა.

2020-21 წლების სეზონში აზერბაიჯანის ელიტარულ ჩემპიონატში ''ნეფთჩი'' პირველ ადგილზე გავიდა და კონკურენტ ''ყარაბაღს'' მხოლოდ 2 ქულით გაასწრო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ''ყარაბაღის'' 7-წლიანი ჰეგემონია დასრულდა, ზედიზედ შვიდჯერ მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ ''ყარაბაღმა'' მეორე ადგილი დაიკავა და ქვეყნის საუკეთესო კლუბი ''ნეფთჩი'' გახდა, რომლის ღირსებას გასულ სეზონში იაპონელი კეისუკი ჰონდა იცავდა. ''მილანის'' ექს-ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის ''დინამოა''. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჩემპიონობა ჩისკოს ხელმძღვანელობით მოიპოვა, შემდეგ ესპანელი ''უოტფორდში'' წავიდა, რომელიც გიორგი ნემსაძემ შეცვალა. ახლახანს, ნემსაძემ კლუბის დირექტორის პოსტი დაიკავა და მთავარ მწვრთნელად ''დინამოში'' გამოცდილი ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე დაბრუნდა.

თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები