ლეგენდარული მატჩი - კევინ დურანტის ბრწყინვალება და დამარცხებული მილუოკი
Aa
Aa

ლეგენდარული მატჩი - კევინ დურანტის ბრწყინვალება და დამარცხებული მილუოკი

„ბრუკლინ ნეთსმა“ „მილუოკი ბაქსს“ სერიის მე-5 შეხვედრა მოუგო და 3-2 დაწინაურდა. სტივ ნეშის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და საკადრო პრობლემების მიუხედავად, მეტოქე 114-108 დაამარცხა.

„ბრუკლინის წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კევინ დურანტი იყო, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. „კეიდის“ არ დაუსვენია, პარკეტზე 48 წუთი დაჰყო და 49 ქულა, 17 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

დურანტი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 45 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამასთან, „ბრუკლინის“ ბოლო 52 ქულიდან „კეიდიმ“ მონაწილეობა 43-ში მიიღო და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელსაც პლეიოფის მატჩში არ დაუსვენია.

დურანტს მხარი ჯეფ გრინმა აუბა, რომელმაც 8-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულა ჰქონდა. ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე 17 ქულა იყო, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 5 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, თუმცა 8 სამქულიანი გააცუდა და 10-დან მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო.

„მილუოკის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო, რომელმაც 34 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. კრის მიდლტონს 25 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯრუ ჰოლიდეი და ბრუკ ლოპესი 19 და 15 ქულას დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინი“ სერიაში 3-2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. „ნეთსისა“ და „ბაქსის“ მე-6 მატჩი 18 ივნისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები