მამუკელაშვილის შანსი - სანდრო Draft Combine-ზე მიიწვიეს
Aa
Aa

მამუკელაშვილის შანსი - სანდრო Draft Combine-ზე მიიწვიეს

NBA-მ იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ივნისის ბოლოს ჩანიშნულ Draft Combine-ს დაესწრებიან. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 69 ახალგაზრდა შეარჩია და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიცაა.

Draft Combine-ზე კალათბურთელებს NBA-ის გუნდების წარმომადგენლებთან ინტერვიუები ექნებათ, 5-5-ზე გამართულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ და სხვადასხვა ვარჯიშებს გაივლიან (სიძლიერე, სროლა, მოძრაობა). 22-დან 25 ივნისამდე ვარჯიშებია დაგეგმილი, ხოლო 25 ივნისს, მატჩები გაიმართება და ESPN2 მათ პირდაპირ ეთერში გადასცემს.

Draft Combine-ზე იმ კალათბურთელებს იწვევენ, რომელთა ხილვაც NBA-ის გუნდების წარმომადგენლებს საკუთარი თვალით სურთ და მათ მიმართ ინტერესი აქვთ. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ მამუკელაშვილი მოახლოებულ დრაფტზე აირჩიონ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წამყვანი ვებგვერდი „მამუს“ საუკეთესო 60 კალათბურთელს შორის არ მოიაზრებს და ვარაუდობს, რომ ქართველს დრაფტზე არ აიყვანენ. იმედი ვიქონიოთ, რომ Draft Combine სანდროსთვის წარმატებული იქნება და იგი NBA-ში გოგა ბითაძეს შეუერთდება.

ცნობისთვის, NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები