მიდლტონის ისტორიული მატჩი - მილუოკიმ გაათანაბრა და წინ მე-7 შეხვედრაა
Aa
Aa

მიდლტონის ისტორიული მატჩი - მილუოკიმ გაათანაბრა და წინ მე-7 შეხვედრაა

„მილუოკი ბაქსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალისტის ვინაობას მე-7 შეხვედრაში გაარკვევენ. იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდმა სერიის მე-6 მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეს 104-89 სძლია, თანაც არც ერთი მეოთხედი წაუგია.

„ბაქსს“ კრის მიდლტონმა ულიდერა, რომელმაც 38 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა მიითვალა. მიდლტონი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა, 5 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 სამქულიანი გაიფორმა.

იანის ანტეტოკოუნმპოს 30 ქულა, 17 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა, ჯრუ ჰოლიდეიმ კი 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ამ სამეულის გარდა, „მილუოკის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს.

„ბრუკლინს“ 32 ქულითა და 11 მოხსნით კევინ დურანტმა ულიდერა, თუმცა „კეიდის“ 7 დაკარგვაც ჰქონდა. ჯეიმს ჰარდენმა 16 ქულა დააგროვა, გრიფინი და ჰერისი კი 12 და 9 ქულას დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ სერიაში ანგარიში თანაბარია და მე-7 შეხვედრა „ბრუკლინის“ საშინაო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები