ხრიკი? როგორ მოატყუა ლიოვმა პორტუგალიასთან მატჩამდე ყველა
Aa
Aa

ხრიკი? როგორ მოატყუა ლიოვმა პორტუგალიასთან მატჩამდე ყველა

მნიშვნელოვანი მატჩების (და არამარტო) წინ, მთავარი მწვრთნელები როგორც წესი ტაქტიკაზე წინასწარ არ საუბრობენ. ისინი საჯაროდ არ ამხელენ, თუ რას ან ვინს შეცვლიან და ეს ლოგიკურიც გახლავთ.

საფრანგეთთან პირველ ტურში წაგების შემდეგ, იოახიმ ლიოვს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ბევრი წერდა, რომ ის ნაკრებიდან დროულად უნდა წასულიყო, რომ გერმანიის ნაკრებმა მის ხელში თავისი თავი ამოწურა და ა.შ.

პორტუგალიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლიოვს ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა აპირებდა თუ არა რაიმეს შეცვლას:

ჟურნალისტი: „შეცვლით ტაქტიკას?“

ლიოვი: „დიახ, თავდამსხმელი უნდა დავამატოთ. უკეთესად გამოვიყენოთ სივრცე, ვიყოთ უფრო ინტენსიურები და ეფექტური. დაცვასთან დაკავშირებით, როგორც საფრანგეთთან მატჩი გვიჩვენებს, ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი თამაში გავაანალიზეთ - მათ გააცნობიერეს რა უნდა გამოსწორდეს პორტუგალიასთან მატჩისთვის.  ახლა ჩვენზე ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ“.

როგორც ხედავთ ლიოვმა ჟურნალისტს პირდაპირ უთხრა, რომ ცვლილებებს გეგმავდა და თან ისიც გაუმხილა, რომ ფორვარდის დამატებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, გერმანიის ნაკრებმა ზუსტად იგივე თერთმეტეულით ითამაშა, რომელიც ფრანგების წინააღმდეგ ჰყავდა.

საბოლოოდ, „ბუნდესმანშაფტმა“ დიდებულად ითამაშა და დამსახურებული 3 ქულაც აიღო. გერმანიის ნაკრები ლიოვის ხელში ნელ-ნელა ახალ სქემას ერგება და უმატებს, რაც მათ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები