ბუკერის პირველი სამმაგი დუბლი კარიერაში - ფინიქსმა კლიპერსს მოუგო
Aa
Aa

ბუკერის პირველი სამმაგი დუბლი კარიერაში - ფინიქსმა კლიპერსს მოუგო

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ დაპირისპირებაში „ფინიქს სანსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. არიზონელები „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ გაეჯიბრნენ და კრის პოლის არყოფნის მიუხედავად, მეტოქეს 120-114 სძლიეს.

„ფინიქსს“ დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა და 40 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბუკერი ჩარლზ ბარკლის შემდეგ, „ფინიქსის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში 40-ქულიანი სამმაგი დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წლის ასაკამდე პლეიოფში 40-ქულიანი სამმაგი დუბლი NBA-ის ისტორიაში მხოლოდ 3 კალათბურთელს გაუკეთებია და ბუკერი ერთ-ერთი მათგანი გახდა. დევინის გარდა, იმავე შედეგს ოსკარ რობერტსონმა და ლუკა დონჩიჩმა მიაღწიეს.

ბუკერის გარდა, „ფინიქსის“ რიგებში 20 ქულით დეანდრე ეიტონი გამოირჩა. მიკალ ბრიჯისს 14 ქულა ჰქონდა. ჯეი კრაუდერმა 13 ქულა დააგროვა. კემერონ პეინმა და კემერონ ჯონსონმა 11 და 12 ქულა მიითვალეს.

„კლიპერსს“ 34 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რეჯი ჯექსონს 24 ქულა ჰქონდა. დემარკუს კაზინსმა კი 11 ქულა დააგროვა.

ამრიგად, „ფინიქსი“ სერიაში დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები