ქვილითაია: ''ქეცბაიასთან ორი ურთიერთობა მქონდა, მასთან მუშაობა ადვილი არაა''
Aa
Aa

ქვილითაია: ''ქეცბაიასთან ორი ურთიერთობა მქონდა, მასთან მუშაობა ადვილი არაა''

აპოელ-ისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ CrystalSport-ის გადაცემაში ''საგოლე პასი'' გასულ სეზონში თემურ ქეცბაიასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ''გენტის'' ექს-თავდამსხმელი გულწრფელად იხსენებს იმ სირთულეებს, რაც ქეცბაიასთან მუშაობას ახლავს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესის მიღმა თემურ ქეცბაია სრულიად განსხვავებულია.

ქვილითაია: ''ვიცოდით, რომ თუ თასს არ მოვიგებდით, ''ქეცბა'' გუნდიდან მიდიოდა. მე როცა რთული პერიოდი მქონდა, თამაში მინდოდა და ''ქეცბამ'' ამის შანსი მომცა, მინდოდა თან დამებრუნებინა... ეს საგოლე პასი შემეგდო, რა საგოლე პასიც ბატონმა თემურმა გამიკეთა. ძალიან გამიხარდა, ფინალამდე ერთი დღით ადრე უსაზღვრო ემოციები იყო, რასაც საერთოდ არ ველოდი.

კვიპროსზე რომ მივდიოდი, მეგონა არც ისე მაღალი დონე დამხვდებოდა, თუმცა როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით, ასევე ქომაგობის კუთხით ძალიან მაღალი დონე დამხვდა. განსაკუთრებით გულშემატკივრობის...

კვიპროსის თასის ფინალში გოლის შემდეგ პირველად თემურ ქეცბაიასთან მივედი, ჩავეხუტე. რაც მთელი წელი მე მაჯანჯღარა, რაც ჩემი ნერვები აჯანჯღარა, ესე მოვკიდე ხელი და ვაჯანჯღარე, გენაცვალე მითხრა ცოტა რბილი ლ-თი.

სხვა არჩევანი არ მქონდა, რადგან ჩემს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხა იყო გადასახდელი. მე როცა აპოელ-იდან დამირეკეს, მაშინვე ვუთხარი თემურს, რომ აპოელ-იდან დამირეკეს და თქვენ თუ რამეს იზამთ-მეთქი. მან მითხრა, რომ სატრანსფერო თანხას ვერ გადაიხდიდნენ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო. წასვლა იქ მომიწია, სადაც გადაიხადეს. აპოელ-ში გადასვლის შემდეგ Instagram-ში დავწერე, ბევრმა გამიგო, მაგრამ ხომ არიან ''ანორთოსისის'' ქომაგები, რომლებსაც ეს არ აინტერესებთ.

ქეცბაიასთან ორი ურთიერთობა მქონდა: მოედანზე და მოედნის მიღმა. შობა ჩემს სახლში ერთად აღვნიშნეთ, წინ ძმაკაცი მეჯდა, მოედანზე კი სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. მასთან ურთიერთობა მარტივი არაა, რადგან ემოციების გამოხატვა და ბევრი საუბარი არ უყვარს, დიდად კონტაქტური არაა, ამიტომაც ეს არ გიადვილებს ურთიერთობას, მაგრამ დისციპლინას ითხოვს და პროფესიონალია. სწორედ ამის ხარჯზე აღწევენ მისი გუნდები წარმატებას''.

შეგახსენებთ, ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ Cablenet Cyprus-თან ვრცელ ინტერვიუში თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა, რომლებმაც კარიერის გაგრძელება აპოელ-ში გადაწყვიტეს.

''ანორთოსისი'' მათი მადლიერია, განსაკუთრებით ოქრიაშვილის, რომელმაც ''ანორთოსისში'' ორი წელი გაატარა. 

ფინანსური კუთხით ქვილითაიასა და ოქრიაშვილის სურვილების დაკმაყოფილება ვერ შევძელით, ამიტომ მათი გადაწყვეტილება სწორი იყო. ცხადია, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას ''ანორთოსისში'' დარჩენა გვსურდა, თუმცა ეს ჩვენი კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

ხელფასი რამდენსაც ''ანორთოსისში'' იღებდნენ და რამდენსაც აპოელ-ში აიღებენ, მკვეთრად განსხვავებულია. ჩვენს კლუბში იმაზე ნახევარზე ნაკლებს იღებდნენ ვიდრე მათ აპოელ-მა შესთავაზა''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები