დე ლიხტი:
Aa
Aa

დე ლიხტი: "იტალიას ჯერ ტოპ გუნდებთან არ უთამაშია"

ნიდერლანდების დაცვის ლიდერმა, მატიის დე ლიხტმა Sky Sport Italia-თან ისაუბრა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს შეეხო.

დე ლიხტის თამაში ლეგენდარულმა მარკო ვან ბასტენმა გააკრიტიკა. ახალგაზრდა უკანახაზელი „მფრინავი ჰოლანდიელის“ შენიშვნას მორჩილად იღებს:

„ვან ბასტენი შესანიშნავი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, ამიტომ მისი მოსმენა მიწევს“.

დე ლიხტს იტალიის ნაკრები მოსწონს, თუმცა თვლის, რომ „სკუადრა აძურას“ ჯერ ძლიერ გუნდებთან არ უთამაშია:

„ვფიქრობ, იტალიაში ჩემი თამაში გავაუმჯობესე და უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. ახლა მეტი გამოცდილება მაქვს და ისეთი რამ ვიცი, რაც აიაქსში თამაშისას არ ვიცოდი.

იტალია? მათ თამაშს ვუყურე და ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი იტალიელებსაც კი არ ჰგვანან. უტევენ, მაღალ პრესინგს თამაშობენ და ეს სასიამოვნო სანახავია.

ისევე როგორც ჩვენ, იტალიელებსაც ტოპ გუნდების წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მაგალითად როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია. ეს არის შემდეგი ნაბიჯი მათთვის და ჩვენთვისაც“.

ვან დერ ვაარტის დამცინავი შეფასება და კოკეს პასუხი

თუ დე ლიხტმა იტალიელებს ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა შეახსენა, ვან დერ ვაარტმა ესპანელებს საერთოდ უსუსტესი ნაკრები უწოდა და მათთან შეხვედრა ინატრა:

„ესპანეთი საშინელი გუნდია, უბრალოდ საშინელი. იმედი მაქვს ჩვენ ფლეი-ოფში მათ შევხვდებით.

ისინი მხოლოდ გვერდით პასს აკეთებენ. ამას ის მოთამაშეებიც აკეთებენ, რომლებმაც დიდებული გადაცემების შესრულება იციან“. - თქვა ვან დერ ვაარტმა.

მოსალოდნელი იყო, რომ ვან დერ ვაარტს ესპანელთა ბანაკიდან პასუხს გასცემდნენ და ასეც მოხდა. კოკემ ნიდერლანდელს ირონიულად უპასუხა:

„ვან დერ ვაარტს სურს, რომ თავისი დიდების მომენტი ჰქონდეს და აკეთებს იმას, რაც უნდა. მე ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფოტოზე ვნახე, სადაც ინიესტას გამარჯვების გოლი გააქვს. კადრში ვან დერ ვაარტი აშკარად ჩანს.

მე მის სიტყვებს დავიმახსოვრებ, ისინი მოტივაციას შეგვმატებენ. მას ავიღებთ და დავბეჭდავთ, შემდეგ გასახდელში ჩამოვკიდებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში გავიხსენებთ, თუ ნიდერლანდებს შევხვდებით“. - ამბობს კოკე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები