„საუკეთესოებს ვიწვევ და ფულის გამო არ ვჩხუბობ“ - პაკიაომ მეივეზერს უპასუხა
Aa
Aa

„საუკეთესოებს ვიწვევ და ფულის გამო არ ვჩხუბობ“ - პაკიაომ მეივეზერს უპასუხა

ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მენი პაკიაომ ფლოიდ მეივეზერს უპასუხა. იუთუბერ ლოგან პოლთან გამართული ბრძოლის შემდეგ, ფლოიდმა საკუთარ თავსა და „პაკმენზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი რინგზე სიამოვნებისთვის გადის, პაკიაო კი იძულებულია, ეს გააკეთოს.

„ამ სპორტში ძალიან, ძალიან დიდი ხანია ვარ და ხალხს ვაჩვენე, რომ 44 წლის ასაკში დაბრუნება და 30 000-ადგილიანი არენის გავსება შემიძლია. საჩვენებელ ბრძოლას ვმართავ, რადგან მინდა და არა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის აუცილებელია. მენისთან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. სამწუხაროა, ასაკის მიუხედავად, პაკიაო იძულებული რომაა ბრძოლები გამართოს“.

„პაკმენმა“ მეივეზერს ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა და განაცხადა: „სხვა ბიჭებს არ ვგავარ, რომლებიც კრივში მხოლოდ ფულის გამო არიან. ზოგიერთი მოკრივე არამოკრივეს იწვევს, რათა ფული გააკეთოს, მე კი ნამდვილი ჩხუბი და საუკეთესო მებრძოლების გამოწვევა მინდა.

ფულის გამო რომ ვჩხუბობდე, რომელიმე სუსტ და უცნობ მეტოქეს ავირჩევდი. ჰონორარი რომ მაინტერესებდეს, რატომ შევეცდებოდი, დაუმარცხებელ მოკრივესთან მეჩხუბა? ეს ნამდვილი ბრძოლაა და რინგზე კრივისადმი ჩემი ვნების გამო გავდივარ. დაუმარცხებელი მოკრივეების დამარცხება და ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა მიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ მენი პაკიაო 42 წლისაა და მომდევნო ბრძოლას 21 აგვისტოს გამართავს. ლეგენდარული ფილიპინელი ეროლ სპენს ჯუნიორს დაუპირისპირდება, რომელსაც 27 გამარჯვება და 0 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები