ცხადაძე: ''კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ეს უნდა დამთავრდეს''
Aa
Aa

ცხადაძე: ''კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ეს უნდა დამთავრდეს''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' აზერბაიჯანის მოქმედ ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩისთან'' 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

''თამაშის შემდეგ ძნელია ლოგიკური ანალიზი გააკეთო, რადგან ემოციები ჭარბობს. უპირატესობას ვფლობდით, მომენტები შევქმენით, მაგრამ დავმარცხდით. ასეთი თამაშები გვაჩვენებს, რომ უბრალო შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ვგულისხმობ, პირველ გაშვებულ გოლს.

პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ ჩვენმა სქემამ იმუშავა. მეტოქის მეკარემ კარგად ითამაშა, მან საკმაოდ ბევრჯერ მოიგერია ბურთი.

ბაქოში გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ. თუ მეტოქის მინუსებს უკეთ გამოვიყენებთ, ჩვენ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.

ვფიქრობ, შანსი არ დაგვიკარგავს. შევეცდებით, შანსები გამოვიყენოთ და შეცდომები არ გავიმეოროთ.

ამ თამაშამდე გაძლიერება ვერ მოვასწარით. ყველას სურდა, რომ რამდენიმე პოზიცია გაგვეძლიერებინა, თუმცა ეს პრობლემები კომპლექსურია, ეს საქართველოა და ბევრი კომპლექსური პრობლემაა. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელიც გაგვაძლიერებს. ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ ტრანსფერი გავაკეთოთ და ეს მოთამაშე არ გამოგვადგეს.

ერთი უცხოელი შემტევის დამატება მსურდა, პირობებზე თანახმა იყო, თუმცა შემდეგ სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და  უფრო მაღალ ხელფასზე თამაში გადაწყვიტა. ასევე, ერთმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

ჩვენ როცა მოვედით გუნდში, ვიცოდით, რომ გიორგი ნემსაძის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მოვედით, რომ ''დინამოს'' დავხმარებოდით. პრეტენზიებს ყოველთვის ადეკვატურად ვიღებ, მაგრამ ფაქტობრივად ვარჯიშის საშუალება არ გვქონდა. პრობლემები ბევრი იყო, მაგრამ დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე მინიმუმ მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ გადავწყვიტავთ, რომ ჩვენ ბოლომდე გავყვეთ და დავეხმაროთ კლუბს, მაშინ ცვლილებები საჭიროა.

უნდა დამთავრდეს საქართველოში, რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, მაგრამ დღეს ასე გამოვიდა.

რაც გუნდში ვარ, ამდენი საგოლე მომენტი ჯერ არ შეგვიქმნია. ამ მხრივ გამორჩეული მატჩი იყო.

გულშემატკივრებს ბოდიშს მოვუხდი თუ მათ გული დავწყვიტე. ''ნეფთჩი'' სერიოზული გუნდია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ''ყარაბაღი'' დაამარცხა, სამირ აბასოვის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.

გამოცდილ ფეხბურთელს მეტი ოსტატობა აქვს. შესაძლოა, ჩემი გუნდის ბევრ მოთამაშეს საერთაშორისო გამოცდილება დააკლდა.

მიუხედავად იმისა, რომ ''ნეფთჩის'' შემადგენლობაში ბევრი უცხოელი მოთამაშეა, თუმცა გუნდის ლიდერები და მთავარი ფიგურები ადგილობრივი მოთამაშეები არიან. მაგალითად, გუნდის მეკარე, რომელმაც ''ნეფთჩი'' არაერთხელ გადაარჩინა''.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები