ბოლო წამებზე მოგებული მატჩი - კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი კოლუმბიას დარჩა
Aa
Aa

ბოლო წამებზე მოგებული მატჩი - კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი კოლუმბიას დარჩა

კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაზე ბრინჯაოს მედლები კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა დაისაკუთრა. „ტრიკოლორმა“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პერუს აჯობა და მეტოქეს ბოლო წამებზე გატანილი გოლით სძლია.

პირველ ტაიმში პერუ მცირე სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნაც მოახერხა. 45-ე წუთზე, თავი იოტუნმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. კოლუმბიამ წონასწორობა მეორე ნახევრის საწყის წუთებში აღადგინა. პერუელთა კარი კუადრადომ აიღო.

66-ე წუთზე, კოლუმბია წინ გაიჭრა. დიასმა ვარგასის გადაცემით ისარგებლა და პედრო გალიესეს კარი დალაშქრა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე, პერუმ ლაპადულას გოლით გაათანაბრა, თუმცა „ტრიკოლორმა“ საქმე მაინც ძირითად დროში მოამთავრა. 94-ე წუთზე, დიასმა დუბლი მიითვალა და საკუთარ გუნდს ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ბრაზილია და არგენტინა შეხვდებიან. მატჩი 11 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 04:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები