Aa
Aa

"მოვიგებთ თუ წავაგებთ? ის მაინც საუკეთესო იქნება" - სკალონი მესიზე

კოპა ამერიკის ფინალში გულშემატკივრები დაუვიწყარ მატჩს იხილავენ. რიოში ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდება. ლეო მესი სანაკრებო კარიერაში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება.

არგენტინის ნაკრების თავკაცმა ლიონელ სკალონიმ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

რა თქვა სკალონიმ?

„არ აქვს მნიშვნელობა გავიმარჯვეთ თუ არა.. მესი მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ამის დემონსტრაციისთვის მას რაიმე ტიტულის მოგება არ სჭირდება.

რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურს, რადგან დიდი ხანია არგენტინას არაფერი მოუგია. ნავსის გატეხვა გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებთ თუ წავაგებთ. მესი მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რჩება და ამის დემონსტრირება არ სჭირდება. მის საუკეთესოობას მისი ოპონენტებიც კი აღიარებენ.“

მესი და „ბარსელონა“

ფრანგული L’Equipe-ის ინფორმაციით, ლეო მესი „ბარსელონას“ განახევრებულ ხელფასს დათანხმდა და ამით უკვე საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ არგენტინელი არსად წასვლას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა ჯერჯერობით მაინც ვერ გვარდება, რადგან „ბარსას“ სახელფასო ფონდი გადატვირთულია და კლუბმა მისი შემსუბუქება ფეხბურთელების გაყიდვით უნდა მოახერხოს.

სანამ ეს არ მოხდება, იქამდე მესი „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტს ვერ გააფორმებს.

„სანამ ბარსელონა ფეხბურთელებს არ გაყიდის, კლუბი მესისთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს“, - ამბობს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

პრეზიდენტი ლაპორტა რონალდ კუმანს შეხვდა, რის შემდეგაც ორივე მათგანმა თქვა, რომ მესის კონტრაქტთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს და სავარაუდოდ სიაში პირველი კარლეს ალენია იქნება, რომელიც კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კოპა ამერიკის ფინალი 11 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები