მორიგი ნოკაუტი პირველ რაუნდში - თოფურიამ ჰოლი დააძინა
Aa
Aa

მორიგი ნოკაუტი პირველ რაუნდში - თოფურიამ ჰოლი დააძინა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში მე-3 ბრძოლა გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ელ მატადორი“ რაიან ჰოლს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ბრძოლის საწყის წუთებში, ჰოლი თავისი უცნაური სტილით უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ილია თავს კარგად იცავდა. ერთ-ერთი ასეთი მომენტისას თოფურიამ შანსი გამოიყენა და „ჯადოქარს“ რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ბრძოლის დასრულება არ გასჭირვებია.

„სპორტდარბაზში, სადაც გავიზარდე, დაახლოებით 30 ბიჭი გვყავს, რომლებსაც შავი ქამარი აქვთ და ჩემთვის რაიანის სტილი ძალიან ნაცნობია. როცა UFC-მ მასთან ჩხუბი შემომთავაზა, მაშინვე თანხმობა განვაცხადე და ვთქვი, რომ მასთან ბრძოლა მსურდა და პირველ რაუნდში დავანოკაუტებდი. ჩემი დარტყმის შემდეგ, მისი რეაქცია რომ ვნახე, ვიფიქრე: „ვაუ, ეს ბიჭი დანოკაუტებულია“. ამის შემდეგ, მისთვის დარტყმების მიყენება გავაგრძელე და საბოლოოდ, დავაძინე კიდეც“, - განაცხადა ქართველმა ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა. „ელ მატადორის“ ანგარიშზე 11 მოგება და 0 მარცხია და უცხოური გამოცემები მას მომდევნო ბრძოლის გამართვას ტოპ 10-ის წარმომადგენელთან უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები