„მისნაირ კალათბურთელს ხშირად ვერ ნახავთ“ – CBSSports- მამუკელაშვილს აქებს
Aa
Aa

„მისნაირ კალათბურთელს ხშირად ვერ ნახავთ“ – CBSSports- მამუკელაშვილს აქებს

ამერიკულმა გამოცემამ CBSSports-მა NBA-ის 2021 წლის დრაფტის წინ, ის 5 კალათბურთელი დაასახელა, რომლებსაც დიდი ყურადღება არ ექცევათ, მაგრამ შესაძლოა, დრაფტის ბოლოსკენ არჩევის შემთხვევაში, გუნდში მნიშვნელოვანი როლი შეითავსონ, ან საუკეთესო 60 ახალგაზრდას შორის ვერ მოხვედრის შემთხვევაში, NBA-ში მაინც იასპარეზონ.

კალათბურთის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ისაა, რომ CBSSports-მა სანდრო მამუკელაშვილიც გამოარჩია და მისი დახასიათება შემოგვთავაზა:

„რამდენად ხშირად დგება დრაფტზე 211 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე კალათბურთელი, რომელსაც პასების გაკეთება გამთამაშებლის მსგავსად შეუძლია და კარგი სამიანი აქვს? ეს ხშირად ნამდვილად არ ხდება. მამუკელაშვილის დაცვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს, მაგრამ შეტევაში მისი შეჩერება რთულია და იგი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის.

კრიტიკოსებმა შესაძლოა, აქცენტი სეტონ ჰოლის რიგებში გატარებულ მეოთხე სეზონში, მამუკელაშვილის მიერ დაგროვებული დაკარგვების რაოდენობაზე გააკეთონ, მაგრამ ფაქტია, რომ სანდრო სეტონ ჰოლის შეტევის საკვანძო ფიგურა იყო და კრიტიკულ მომენტებში ბურთი ფაქტობრივად ყოველთვის მის ხელში გახლდათ. მამუკელაშვილს შეუძლია, NBA-ის გუნდში მნიშვნელოვანი როლი შეითავსოს და მაღალი დონის სათადარიგო 5 ნომერი იყოს, რომელიც გუნდს შეტევაში სიცოცხლეს შემატებს“.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები