ევროჩელენჯერი: საფრანგეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
Aa
Aa

ევროჩელენჯერი: საფრანგეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით თბილისი საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

მიმდინარე ტურნირზე, საფრანგეთთან მარცხის შემდეგ (63-84), საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა თურქეთი დაძაბულ ბრძოლაში, 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით -69:77 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა 24 ცდიდან 14 სამქულიანი ჩააგდო.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ლაშა მიქელაძემ, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა, გაფრინდაშვილმა 16 ქულა მიითვალა, 9 ქულა ანზორ ნადირაძემ, ხოლო 8-8 ქულა ირაკლი სულხანიშვილმა და რომან ჭინჭარაულმა ჩააგდეს.

 

ნიკოლოზ გაფრინდაშვილი: პირველ რიგში, მადლობა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. დღეს სპორტის სასახლეში მთელი გულით გვქომაგობდნენ და ეს დიდი სტიმულია.

რაც შეეხება მატჩს, შორი მანძილიდან სროლები წარმატებით გამოგვდის და დღეს ეს უპირატესობა გამოვიყენეთ".

ირაკლი სულხანიშვილი: პირველი თამაშის შემდეგ ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ.  მოედანზე მეტი მობილიზებით გამოვედით და გამარჯვება მოვიპოვეთ. მომდევნო მატჩი გერმანიასთან გველის და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

22 ივლისს თბილისის ჩელენჯერში მე-3 ტურის 3 მატჩი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 20:00 საათიდან გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი ბულგარეთი საფრანგეთს, თურქეთი კი პოლონეთს შეხვდება. 

ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც: საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი არიან.

„ბაბლის" სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბა და ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ აქვთ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილეები ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს. 

თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში  გაიმართება და მაყურებელის დასწრება თავისუფალი იქნება.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები