''მან ეს ლიგა უნდა ისწავლოს'' - პრობიერცი კაკაბაძის დებიუტით უკმაყოფილოა
Aa
Aa

''მან ეს ლიგა უნდა ისწავლოს'' - პრობიერცი კაკაბაძის დებიუტით უკმაყოფილოა

პოლონეთის ექსტრაკლასას 2021-22 წლების სეზონის პირველ ტურში ''კრაკოვიას'' შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა. მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ პრობიერცმა ლენჩნას ''გურნიკთან'' გასვლით შეხვედრაში ქართველი მცველი სასტარტო თერთმეტეულში ათამაშა, თუმცა მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან გამომდინარე, პოლონელი სპეციალისტი კაკაბაძის თამაშით კმაყოფილი არ დარჩა.

პოლონური მედია ყურადღებას ამახვილებს მე-12 წუთის ეპიზოდზე, როცა ქართველმა მცველმა მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, რასაც სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა. ''კატასტროფული შეცდომა'' - ასე აღწერს პოლონური Dziennikwschodni ამ მომენტს. მე-13 წუთზე კაკაბაძე გააფრთხილეს, შესვენების შემდეგ კი შეცვალეს.

ბურთის დაკარგვის ეპიზოდი

პრობიერცის თქმით, მას პოლონეთის ჩემპიონატთან შეგუება სჭირდება, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.

''ახალ ფეხურთელებს ეტყობოდათ ნერვიულობა, ამას ვერ ვიტყვი ფილიპ ბალაიზე, ხოლო ოთარ კაკაბაძემ და მატიას ჰებო რასმუსენმა ეს ლიგა უნდა ისწავლონ''.

გასული სეზონი ოთარ კაკაბაძემ ლა ლიგის ''ტენერიფეში'' გაატარა. ლა ლიგა 2-სა და ექსტრაკლასას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პოლონეთში გაცილებით ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, გუნდებს მეტწილად ადგილობრივი მწვრთნელები ხელმძღვანელობენ, რომლებიც აქცენტს ფიზიკურ მომზადება აკეთებენ და მათთვის მოთამაშეების ტექნიკური მომზადება ასეთივე მნიშვნელოვანი არაა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთარ კაკაბაძე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და გუნდის უცვლელი წევრია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებს კარგ ფორმაში შეხვდეს, რაც პრობიერცის კომენტარიდან გამომდინარე, ჩემპიონატის შესწავლას და ექსტრაკლასასთან ადაპტირებას საჭიროებს.

შეგახსენებთ, ივნისში კაკაბაძემ პოლონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის მოთამაშე ''კრაკოვიას'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები