„რამდენიმე მოთამაშით დავინტერესდი
Aa
Aa

„რამდენიმე მოთამაშით დავინტერესდი" - ზუროსი თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯერს დაესწრო

26 ივლისს, თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება.

ეროვნული ნაკარების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ლეგიონერებთან ერთად სუპერლიგის მოთამაშეებსა და ნაკრების ახალგაზრდა კანდიდატებს შეკრებს და პერიოდს, რომელიც  FIBA-ს კალენდარში ოლიმპიადის გამო გამოთავისუფლებულია, ეროვნული გუნდის მოსამზადებლად, ახალი სახეების აღმოსაჩენად გამოიყენებს - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

რამდენიმე დღეა, რაც ილიას ზუროსი თბილისშია და სპორტის სასახლეში გამართულ 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერის მატჩებს დაესწრო. 

ილიას ზუროსი: მიხარია, ისევ აქ რომ ვარ და საშუალება მაქვს ჩვენი 20-წლამდე ნაკრების თამაშებს დავესწრო. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს პრობლემები აქვს შემადგენლობის მხრივ. რამდენიმე მოთამაშე ნაკრებში ვერ ჩამოვიდა, ზოგს კი ტურნირის მსვლელობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ამიტომ, ყველა მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. მეორეს მხრივ, მთლიანობაში მონდომებით კმაყოფილი ვარ, მოკლე დროში მოახერხეს და კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდნენ.

სასიხარულოა, რომ რამდენიმე კალათბურთელი დავინახე, რომლებმაც დამაინტერესეს. მათ აქვთ შანსი, მომავალში იყვნენ ჩვენთან, მოხვდნენ ეროვნულ გუნდში, ყურადღებას მივაქცევთ და დავაკვირდებით.

მათ ბევრი შრომა და ვარჯიში მართებთ, სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი რომ დაიმსახურონ".

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდე ნაკრებების ევროჩელენჯერს მასპინძლობდა, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

თბილისის სპორტის სასახლებში მიმდინარე შეჯიბრზე საფრანგეთის ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - ყველა შეხვედრა მოიგო, გაიმარჯვა და კუთვნილი პრიზი ჩაიბარა.

აღნიშნულ ტურნირზე მილოშ გლიგორიევიჩის საქართველოს ნაკრებმა თავი 6 ქულას მოუყარა და ამ მაჩვენებლით 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები