MARCA:
Aa
Aa

MARCA: "მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ ვალენსიაში დასარჩენად მოვიდა"

„ვალენსიამ“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და თანაქალაქელ „ლევანტეს“ დაუპირისპირდა. მატჩი „ღამურების“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სასტარტოში იმყოფებოდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და თავისიანებს გამარჯვებაში დაეხმარა.

ქართველმა მეკარემ რამდენიმე კარგი „სეივი“ შემოგვთავაზა და „ლევანტეს“ გატანის საშუალება არ მისცა. განსაკუთრებით ერთ-ერთი საჯარიმო დარტყმის დროს.

ქართველი კარის დარაჯის კარგ თამაშს ესპანური გამოცემა Superdeporte გამოეხმაურა და გიორგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„“ვალენსიას“ და ბორდალასს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. გუნდს ორი შესანიშნავი მეკარე ჰყავს. გიორგი მამარდაშვილი და კრისტიანო რივერო. პირველ თამაშებში ორივე მათგანმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სილესენის და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა მათ საკუთარი მაღალი კლასის წარმოჩინების შანსი მისცა. მამარდაშვილმა და რივერომ ხარისხიანი თამაში აჩვენეს.“

რას წერს MARCA მამარდაშვილზე

„ერთ მომენტში „ლევანტეს“ თავდამსხმელი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, თუმცა ქართველმა მეკარემ მომენტის გაუვნებელყოფა მოახერხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ვალენსიაში“ დასარჩენად მოვიდა.“

ჯერ „ატრომიტოსთან“, შემდეგ „კარტახენასთან“ და ამჯერად „ლევანტესთან“ - მამარდაშვილი თავის შესაძლებლობებს ნელ-ნელა ყველას უმტკიცებს და პირველი მეკარის პოზიციაზე პრეტენზიებიც სრულიად სამართლიანად ექნება.

4 აგვისტოს „ვალენსია“ მორიგ მატჩს გამართავს, „ღამურების“ მეტოქე „მილანი“ იქნება, ხოლო 13 აგვისტოს უკვე ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები