გაიცანით მამუ - NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა მამუკელაშვილს ვიდეო მიუძღვნა
Aa
Aa

გაიცანით მამუ - NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა მამუკელაშვილს ვიდეო მიუძღვნა

ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი NBA 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს და მომდევნო სეზონში იგი „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას დაიცავს. რამდენიმე წუთის წინ, ვისკონსინელებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და გულშემატკივრებს „მამუ“ წარუდგინეს.

„მილუოკიმ“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე „სეტონ ჰოლის“ რიგებში მოასპარეზე მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო განათავსა და პოსტს ასეთი წარწერა დაურთო: „გაიცანით მამუ“.

შეგახსენებთ, რომ 54-ე პიკი თავდაპირველად „ინდიანა პეისერსს“ ეკუთვნოდა, რომლის ღირსებას ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე იცავს, თუმცა „ინდიანასა“ და „მილუოკის“ შორის გაცვლა მოხდა და მამუკელაშვილი „ბაქსში“ სწორედ ასე აღმოჩნდა.

2021 წლის დასაწყისში ამერიკულ პრესაში მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტის ტოპ 50 კალათბურთელს შორის მოიაზრებდნენ, თუმცა „მარტის სიგიჟის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბოლო პერიოდში „მამუ“ პროგრესის გზაზეა და რამდენიმე დღის წინ, Athletic-მა განახლებულ რეიტინგში იგი საუკეთესო 50 ახალგაზრდას შორის დაასახელა. სასიხარულოა, რომ მამუკელაშვილს შანსი მიეცა, თუმცა სათამაშო დროის მისაღებად რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზანს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები