''მომეცით ოცნებების ასრულების უფლება'' - ოთხმეზური აშშ-ის საელჩოს მიმართავს
Aa
Aa

''მომეცით ოცნებების ასრულების უფლება'' - ოთხმეზური აშშ-ის საელჩოს მიმართავს

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ნატალია ოთხმეზურმა Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.

ახალგაზრდა სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სურს სწავლის პარალელურად ქალთა NBA-სა თუ ქალთა ევროლიგაში ითამაშოს ან საქართველოს ნაკრების ღირსება მსოფლიოს ჩემპიონატსა თუ ოლიმპიადაზე დაიცვას, მას დიდი მიზნები და ოცნებები აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე აშშ-ის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.

კალათბურთელი ზაფხულში ოჯახის მოსანახულებლად საქართველოში დაბრუნდა და ვიზასთან დაკავშირებით საელჩოში შეხვედრა 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისმა გუნდმა ვარჯიში უკვე დაიწყო, ხოლო 30 აგვისტოს სწავლა იწყება, ოთხმეზურს საელჩოში შეხვედრა უახლოეს პერიოდში დაჩქარებული წესით სურს, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეუერთდეს კლუბს და დროულად დაიწყო სწავლა. 

''გთხოვთ, მომეცით ოცნებების ასრულების უფლება'' - აღნიშნულია ოთხმეზურის ვრცელ პოსტში, რომლის მიზანია აგვისტოს თვეში ვიზასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ მასთან გასაუბრება ჩანიშნოს, რომ სპორტსმენმა სტუდენტური ვიზა (F1) მიიღოს.

შეგახსენებთ, 21 წლის ახალგაზრდა კალათბურთელი მიმდინარე წელს NCAA-ის პირველ დივიზიონის კლუბ ''საუზერნ იუტაში'' ჩაირიცხა. ნატალია პირველი ქართველი ქალი კალათბურთელია, რომელიც NCAA-ის პირველ დივიზიონში ასპარეზობს.

ნატალია ოთხმეზურს აშშ-ში სწავლასთან და კალათბურთთან დაკავშირებით სამწლიანი სრული დაფინანსება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები