დასანანი მარცხი - ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედალს შეუტევს. 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველი ფალავანი ირანელ მოჰამადრეზა გერაისთან დამარცხდა.

ზოიძე ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთო, რომელშიც მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს 3:2 მოუგო.

მეოთხედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ლტოლვილთა ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენელ ერაყელ აკერ ალ ობაიდის 10:0 აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ტოკიოს ხალიჩაზე ლაშა გობაძეც ასპარეზობდა, თუმცა პირველივე წრეში უზბეკ მოჭიდავესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. გუშინ კი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები