„მიუღებელი და უმძიმესი ფაქტი
Aa
Aa

„მიუღებელი და უმძიმესი ფაქტი" - მძლეოსნობის ფედერაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ქართველი ბირთვის მკვრელის, ბენიკ აბრამიანის მიერ დოპინგ-ტესტის ჩაგდებას გამოეხმაურა.

„მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს ცნობილი გახდა ყოვლად შემზარავი და ნებისმიერი სპორტსმენისთვის მიუღებელი ფაქტი. სამწუხაროდ, ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრამიანს გამოუვლინდა აკრძალული პრეპარატების მოხმარების შემთხვევა. მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ სემინარისა, თუ სხვა და სხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. მძლეოსნობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გმობს სპორტში აკრძალული პრეპარატების გამოყენებას და ბოდიშს უხდის ჩვენს გულშემატკივარსა და სპორტულ სამყაროს ამ შემთხვევის გამო.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენიკ აბრამიანს ბოლო საკონტროლო შემოწმება ჩაუტარდა მიმდინარე წლის 1 ივლისს, სადაც გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეიდან ფედერაციამ დაიწყო შესწავლა და გამოკვლევა თუ საიდან, ან რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. გუნდის დაბრუნებისთანავე მოხდება უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან, გუნდის ექიმთან დეტალურად საკითხის გარკვევა და ამა წლის 13 აგვისტოს გაიმართება გამგეობის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მიღებული იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები, როგორც სპორტსმენის, ასევე ყველა სავარაუდო მონაწილე პირის მიმართ.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს და ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში“.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის სპორტსმენმა დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო და ვითარების გარკვევამდე ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. აბრამიანს ტესტი 31 ივლისს, ტოკიოში ჩაუტარდა და სისხლში ორი აკრძალული სტეროიდის კვალი აღმოუჩინეს.

ცხელი ამბები