შესანიშნავი დებიუტი - მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგა ორმაგი დუბლით გახსნა
Aa
Aa

შესანიშნავი დებიუტი - მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგა ორმაგი დუბლით გახსნა

NBA-ის 2021 წლის დრაფტის 54-ე ნომერმა, სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის ეგიდით პირველი შეხვედრა გამართა. გამთენიისას, „მამუს“ „მილუოკი ბაქსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 3 ქულით სძლია - 81:78.

ქართველმა კალათბურთელმა ვისკონსინელთა წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა და წარმატებული დებიუტი ჰქონდა. სანდრო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, პარკეტზე 28 წუთი და 40 წამი გაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„მამუმ“ აქტივში 11 ქულა, 12 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 უმნიშვნელოვანესი დაფარება ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 6-დან 3 ორიანი ჩააგდო, 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, 2 სამიანი გააცუდა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო ექსპერტებმა ქართველი კალათბურთელის ასპარეზობა დადებითად შეაფასეს და მამუკელაშვილმა „მილუოკის“ ქომაგთა სიმპათიებიც დაიმსახურა. ცნობისთვის, „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს გამართავს და „ბრუკლინ  ნეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები