შრიოდერის შეცდომა - 84 მილიონიდან 5.9 მილიონამდე
Aa
Aa

შრიოდერის შეცდომა - 84 მილიონიდან 5.9 მილიონამდე

გერმანელი კალათბურთელი, დენის შრიოდერი კარიერას „ბოსტონ სელტიქსში“ გააგრძელებს. 27 წლის გამთამაშებელმა „კელტებთან“ 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი ანაზღაურება 5.9 მილიონი დოლარი იქნება.

შრიოდერის „ბოსტონში“ გადასვლას NBA-ის ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მის ხელფასს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ გასული სეზონის შუაწელს, „ლეიკერსმა“ გერმანელს ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ლოს ანჯელესელები მზად იყვნენ, 4 წლის განმავლობაში შრიოდერისთვის 84 მილიონი გადაეხადათ, თუმცა მისგან უარი მიიღეს.

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, 27 წლის გამთამაშებელს გაცილებით მეტის მიღება სურდა და დაახლოებით 120-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებაზე იყო ორიენტირებული. საბოლოოდ, „ლეიკერსმა“ შეთავაზება უკან წაიღო და შრიოდერს ახალი გუნდის მოძებნა მოუწია. მისი მოთხოვნები არავინ დააკმაყოფილა და დენისი „ბოსტონში“ აღმოჩნდა, სადაც მისი ხელფასი „ლეიკერსის“ მიერ შეთავაზებულ ანაზღაურებაზე ბევრად ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულ სეზონში, შრიოდერმა მონაწილეობა 61 შეხვედრაში მიიღო. იგი შეტევაში „ლეიკერსის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და საშუალოდ 15.4 ქულასა და 5.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები