''წიტაიშვილის დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები ბრწყინვალე იყო'' - მოროზი ქართველ ტალანტზე
Aa
Aa

''წიტაიშვილის დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები ბრწყინვალე იყო'' - მოროზი ქართველ ტალანტზე

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ''მარიუპოლი'' შინ 2:3 დამარცხდა ოდესის ''ჩერნომორეცთან''. ოდესურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ''ჩერნომორეცის'' რიგებში გიორგი წიტაიშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა, 20 წლის ტალანტმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩის შემდეგ ''ჩერნომორეცის'' მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.

''რაც შეეხება გიორგის, მას გაცილებით მეტი შეუძლია. ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა. ის მთხოვდა სათამაშო დროს და შანსი მიიღო. მისი დღევანდელი დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები ბრწყინვალე იყო. დარწმუნებული ვარ, ფორმას სწრაფად დაიბრუნებს და მომავალში გაცილებით უკეთ იასპარეზებს''.

''ჩერნომორეცის'' რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ბქა ვაჩიბერაძემ იასპარეზა. 25 წლის ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

შეგახსენებთ, კიევის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ გიორგი წიტაიშვილზე უარი თქვა, მასთან მუშაობას არ გეგმავს. 20 წლის ტალანტმა მიმდინარე ზაფხულში ''დინამოსთან'' ერთად შეკრება საფრანგეთში გაიარა, თუმცა ლუჩესკუს გადაწყვეტილების გამო გუნდი დატოვა და იჯარით ''ჩერნომორეცს'' შეუერთდა.

რაც შეეხება ბექა ვაჩიბერაძეს, გასული სეზონის მეორე ნახევარში ''ჩერნომორეცის'' ფეხბურთელი გახდა, გუნდს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა და მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები