დამაჯერებელი გამარჯვება 3 სეტში - ბასილაშვილი US Open-ის მესამე წრეშია
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება 3 სეტში - ბასილაშვილი US Open-ის მესამე წრეშია

ამერიკის ღია პირველობის, US Open-ის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაქსიმ კრესის დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და სამ სეტში იმარჯვა - 7:6(7:3), 6:3, 7:5.

ნიკამ მატჩი კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა 3:4-ზე კრესიმ ბრეიკპოინტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები გაცვალეს და პირველი სეტის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა. ბასილაშვილმა ტაიბრეიკი შესანიშნავად ჩაატარა, ორი მინი-ბრეიკი გააკეთა და 7:3 იმარჯვა.

მეორე პარტიაში „ბასილას“ უპირატესობა შესამჩნევი გახდა. ნიკამ საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო და მეტოქეს სეტის გადარჩენის საშუალება არ მისცა. მეორე პარტიაში კრესის ბრეიკპოინტიც არ ჰქონია და 3:6 დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი ინიციატივას მესამე პარტიის სტარტზეც ფლობდა. ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და საწყისი 4 გეიმიდან 3 მოიგო, თუმცა ამერიკელმა თამაშში დაბრუნება მოახერხა. კრესიმ ზედიზედ 3 გეიმი აიღო და 4:3 დაწინაურდა. მდევრის როლში აღმოჩენის მიუხედავად, ნიკოლოზმა ხასიათი გამოავლინა და 5:5-ზე ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი დამაჯერებლად მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეილი ოპელკა იქნება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში, ლორენცო მუსეტის აჯობა და მოწინააღმდეგე 3 სეტში დაამარცხა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები