ქერდიკაშვილისა და წივწივაძის წარმატება - ოქროს მედლების შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

ქერდიკაშვილისა და წივწივაძის წარმატება - ოქროს მედლების შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

პორტუგალიაში, იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის კანოეთი სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით არის წარდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას მურმან მალანია, მარიამ ქერდიკაშვილი, ლიდია სულაბერიძე და ალექსანდრე წივწივაძე იცავენ და ორ მათგანს ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

მარიამ ქერდიკაშვილი 500 მეტრ დისტანციაზე სპრინტში ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ქართველმა ნიჩბოსანმა მეორე ადგილი დაიკავა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. მარიამს წარმატების მიღწევის შანსი 200 მეტრ დისტანციაზეც აქვს. ნახევარფინალში, ქერდიკაშვილმა თავისი კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა და ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

მარიამის გარდა, ფინალურ გაცურვაში მონაწილეობას ალექსანდრე წივწივაძეც მიიღებს. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი ეტაპის საგზური 1000 მეტრ დისტანციაზე მოიპოვა და ოქროს მედლისთვის იასპარეზებს.

ცნობისთვის, 500 მეტრ დისტანციაზე სპრინტში ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება და მარიამს თბილისის დროით, 14:39-ზე ვიხილავთ. 200 მეტრ დისტანციაზე კი ქერდიკაშვილი 5 სექტემბერს, თბილისის დროით 13:15-ზე გამოვა. ალექსანდრე წივწივაძეს რაც შეეხება, მას გადამწყვეტი გაცურვა ხვალ, თბილისის დროით 15:00-ზე ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები