წყვილთა თანრიგი - ეკო გორგოძე კარლსრუეს ღია პირველობის ჩემპიონია
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - ეკო გორგოძე კარლსრუეს ღია პირველობის ჩემპიონია

დასრულდა კარლსრუეს 2021 წლის ღია პირველობა ქალთა წყვილთა თანრიგში, რომელიც თიხის საფარზე მიმდინარეობდა. ხსენებულ ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს პირველი ნომერი კარლსრუეში წყვილთა თანრიგში რუმინელ ირინა მარია ბარასთან ერთად თამაშობდა და ჩემპიონი გახდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა ფინალში პოლონურ-ეგვიპტური წყვილი მაიარ შერიფი და კატარჟინა პიტერი დაამარცხა.

ფინალი 1 საათი და 29 წუთი გრძელდებოდა. მოვლენები კი საკმაოდ დრამატულად განვითარდა. ეკომ და ირინამ პირველი სეტი ბრეიკით დაიწყეს. შემდეგ საკუთარი ჩაწოდებაც აიღეს და კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულეს, თუმცა 3:0-ის შემდეგ შერიფმა და პიტერმა უკუ ბრეიკის შესრულება შეძლეს. საბოლოოდ პირველი სეტი „ჩვენებურის“ გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

მეორე სეტი გორგოძისთვის და მარია ბარასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართულ-რუმინულმა წყვილმა 3-ჯერ დათმეს საკუთარი ჩაწოდება და ჯამში 2:6 დამარცხდნენ. სუპერ ტაი-ბრეიკში კი ჩვენთვის სასიხარულოდ ეკომ და ირინამ ბრწყინვალედ იასპარეზეს, 10:7 გაიმარჯვეს და ტიტულს დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები